ლაშა დარსალია - ბევრი იქნება გასაკეთებელი, თუნდაც ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება
მომავალ წელს ბევრი იქნება გასაკეთებელი, თუნდაც ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებითაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-თან და ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
დარსალიას თქმით, ელჩების კონფერენციაზე ერთ-ერთი პანელი ეხება უსაფრთხოების გარემოს, რომელშიც საქართველო იმყოფება და აქედან გამომდინარე, საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის პოზიციონირებას.
„ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს, მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში აგრესიის შემდგომ ჩვენი უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, ახალი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რაც, ერთი მხრივ, უკავშირდება ახალ გამოწვევებს, მეორე მხრივ, არის ახალი მოცემულობა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას, სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, ეს არის აშშ და ევროკავშირი, რომლის კანდიდატი ქვეყანაც ვართ უკვე. უკავშირდება მათთან ურთიერთობას, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ყველა სხვა მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან ბევრი იქნება მომავალ წელს გასაკეთებელი, თუნდაც ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებითაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ორივე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც. რაც შეეხება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, ასევე მთელი რიგი მოვლენები განვითარდა წელს, რაც ახალ რეალობასთან გვაკავშირებს უშუალოდ რეგიონში. ერთი მხრივ, სამწუხაროდ, კვლავ მაღალია დაძაბულობა, მეორე მხრივ, ახალი შესაძლებლობები ჩნდება რეგიონული თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოს სამშვიდობო, სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტშიც.
მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული სამეზობლო პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობის წახალისება და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება უშუალო მეზობლებთან, ამ შემთხვევაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება სხვა მეზობელთან, თურქეთთან თანამშრომლობა. ამავე კონტექსტში, ეს სხვა პანელების განხილვის თემაც იქნება. გარდა უსაფრთხოების გამოწვევებისა, არის ახალი შესაძლებლობებიც, რაც უკავშირდება ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.