ლაშა ჩხიკვაძე - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინასწარ ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება, არ წავსულიყავი აშშ-ში, აბსოლუტურად ფორმალურ საკითხებს წარმოადგენდა შეკითხვები გვარამიას საქმეზე, ეს ფაქტი ფაქტად რჩება
ლაშა ჩხიკვაძე - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინასწარ ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება, არ წავსულიყავი აშშ-ში, აბსოლუტურად ფორმალურ საკითხებს წარმოადგენდა შეკითხვები გვარამიას საქმეზე, ეს ფაქტი ფაქტად რჩება

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკვე წინასწარ ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება, არ წავსულიყავი აშშ-ში, აბსოლუტურად ფორმალურ საკითხებს წარმოადგენდა შეკითხვები გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ეს ფაქტი ფაქტად რჩება, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ლაშა ჩხიკვაძემ კომენტარი გააკეთა თავის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ამბობს, „გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა“.

„ეს ინფორმაცია მაქვს მე იმ პირისგან, რომელთანაც მქონდა შეხვედრა. ეს იყო საელჩოს წარმომადგენელი. მან ყოველ შემთხვევაში ასეთი მითითება გააკეთა, რომ ამერიკის ელჩსაც აინტერესებს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის, რატომ მივედი გამამტყუნებელ ვერდიქტამდე და მით უფრო, რატომ გამოვიყენე საპატიმრო ღონისძიება სასჯელის სახით. ეს ჩემი შეფასებაა. მე ვფიქრობ, ასეთი კითხვები ზოგადად არ არის მართებული და სწორი, რომ სასამართლოს ასე ვთქვათ გარკვეული ანგარიში მოსთხოვო საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. იმდენად მოკლე დიალოგი გვქონდა, რომ არ დამიმალავს და არც ვაპირებდი რაიმე ფორმით შეკითხვებზე თავის არიდებას. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, თუმცა მეორეა, მხარე რატომ ცდილობს ამ ფორმით დაინტერესდეს იმ საკითხით, რაც ჩემი შეფასებით, ნამდვილად არ არის მისი ინტერესის სფერო, წესითა და რიგით. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ არ გვქონდა დიდი საუბარი. მათ შორის მე პირდაპირ აღვნიშნე, რომ მე საქმიდან, მტკიცებულებებიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება, ასევე საპატიმრო სასჯელი რომელიც მივიღე, ესეც დასაბუთებული მაქვს გადაწყვეტილებაში, რომელიც მხარეებს გააჩნიათ“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

ამასთან, მოსამართლემ დეტალურად ისაუბრა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. მოსამართლე ამბობს, რომ საელჩოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.

„ჩემი მონაწილეობა იმ ვიზიტში ძალიან ბევრი თვით ადრე იყო დაგეგმილი და გაწერილი. მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსურ მხარდაჭერას სრულად ახდენდა ამერიკის მხარე. ეს იყო გარკვეულწილად მინიშნება, რომ ჩვენი მონაწილეობა ამ ჯგუფში, იმ სიტუაციიდან გამომდინარე ნამდვილად არ იყო სასურველი. ბუნებრივია, იქ ჩხუბს არ დავიწყებდი, მივიღე მათი შეთავაზება იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა გაჟღერებული. ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ეს იმავე საუბარში მითხრა. უბრალოდ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინასწარ ჰქონდათ უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული და აბსოლუტურად ფორმალურ საკითხებს წარმოადგენდა შეკითხვები საქმესთან დაკავშირებით. ეს ფაქტი ფაქტად რჩება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ჩხიკვაძემ.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ეს იქნება პირობითად ევროპარლამენტარი, რომელიმე ქვეყნის ელჩი, ადგილობრივი პოლიტიკოსი, ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსი, ნებისმიერი ფორმით რაიმე მითითებების მიცემა და რაღაც ფორმით ზეგავლენის მოხდენის მცდელობა მოსამართლესა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კატეგორიულად მიუღებელია.

„ნამდვილად არ მინდა, რაღაც პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, თუმცა მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, მათ შორის გერმანულ მართლმსაჯულებაზე, ვფიქრობ, ასეთ რამეს უბრალოდ თავის ქვეყანაში არ აძლევენ თავს უფლებას, ასეთი განცხადებები გააკეთონ საკუთარი სასამართლოს მიმართ. მესმის, რომ თუნდაც ევროპული ან ამერიკული სასამართლო შედარებით ძალიან სხვა სტანდარტზე დგას, მაღალ სტანდარტზე და ჩვენ განვითარებადი მართლმსაჯულება ვართ, ეს ერთ თვეში, ორ დღეში ნამდვილად არ ხდება. რა თქმა უნდა, არის სასამართლოში პრობლემები და საკანონმდებლო დონეზეც უნდა გამოსწორდეს, ნამდვილად არ ვართ იდეალურები და ამის პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა ასეთი ფორმით, ასეთი მოცემულობით სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაც კი, მეორე საკითხია, ვინ დაექვემდებარება თუ არ დაექვემდებარება ამ ზეგავლენას, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის აბსოლუტურად ყველას მიმართ, იქნება პირობითად სახელისუფლებო რგოლი, არასახელისუფლებო, არასამთავრობო, თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან, გარდა მხარეებისა. მხარეს ახლა მოსწონს, თუ არ მოსწონს გადაწყვეტილება, ამისთვის არის კანონით გაწერილი პროცედურა, რომ გაასაჩივროს ზედა ინსტანციებში“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.