„ლეიბორისტული“ პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 173 მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატ ია სირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ.
მისივე თქმით, დაცვის მხარე იმ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს, რომლითაც მოსამართლემ ჩხარტიშვილს 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„აქეთ მოხდა მისი უფლებების შელახვა. კერძოდ, იგი ძალადობით ჩატენეს მანქანაში და ასევე ძალის გამოყენებით დაათრევდნენ ქამრით და დაუშვეს რისკი, რომ რაიმე დაზიანება მოსვლოდა ამ დროს. ვაპირებთ ჩივილს სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რითაც ლაშას შეეფარდა რვა დღით პატიმრობა“, – განაცხადა ია სირანაშვილმა.
„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სხდომის დარბაზიდან გააძევა. სწორედ ამიტომ მას მეორე მოსმენის დროს დარბაზში დასწრების უფლება არ მისცეს.
ლაშა ჩხარტიშვილი დღეს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.