ლაშა ჩხარტიშვილი - ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს
ჩვენ მოვითხოვთ თამარ ჟვანიას და საქართველოში მოქმედი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას, რადგან საქართველოში არჩევნები არ ყოფილა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.
როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ბორკილები უნდა დაედოს თამარ ჟვანიას და მის მონებს, ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს.
„მას ერთადერთი შანსი დარჩენია – ან გადადგება და გამოძიებას აღიარებით ჩვენებას მისცემს, რითაც ბრალს შეიმსუბუქებს და შესაძლოა, პირობითი სასჯელით გადარჩეს, ან ამ საჩივრით, რომელსაც შეიძლება დაერქვას „საჩივარი მომავალში“, მას პასუხისგებაში მიცემა მოუწევს, რათა მომავალში ვეღარავინ გაბედოს ქართველი ხალხის ნების მოპარვა და ჩვენი მონებად ჩათვლა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ამ ადამიანების – თამარ ჟვანიასა და მისი ქვეშევრდომების ხელზე არა ოქროს ძეცკვები, ჩვენი მოპარული ფულის ხარჯზე შებმული, არამედ მათ ხელზე უნდა ვნახოთ ბორკილები. შოთაძის იმედი არავის აქვს, თუმცა მან შეიძლება შეიმციროს საკუთარი სასჯელი სანაიასა და სხვათა საქმეების გაყალბების გამო. ახლა მაინც მოიქცეს ადეკვატურად. სხვათა შორის, მას უფლება აქვს ივანიშვილიც კი დააპატიმროს“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.