ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია დღეს ე.წ. შავი სიის ნაწილზე შეთანხმდება
ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია დღეს ე.წ. შავი სიის ნაწილზე შეთანხმდება

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან შექმნილი სპეციალური კომისია ე.წ. შავი სიის ნაწილზე შეთანხმდება.

როგორც ჩხარტიშვილი განმარტავს, დღეს კომისია საშუალო და ქვედა რგოლის წარმომადგენელთა იდენტიფიცირებასა და სიაში შეყვანაზე იმუშავებს.

„სხდომაზე სიახლე იქნება ის, რომ პოლიციელებს, მოსამართლეებს და პროკურორებს დაემატება ახლა უკვე მერიის სპეცრაზმი, კალაძის პირადი სპეცრაზმი – ვგულისხმობ ზედამხედველობის ინსპექციას. ერთიან სიაში იქნებიან ამ რეჟიმის ლიდერები ივანიშვილის თამადობით ან გაიყოფა სია“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც კომისია ,„შავი სიის“ შედგენისას იხელმძღვანელებს, ჩხარტიშვილი განარტავს, რომ სიაში შესაყვან პირთა იდენტიფიცირება მოხდება, როგორც არსებული ვიდეომასალების მეშვეობით, ისე სასამართლო მასალებზე დაყრდნობით.

,,გარკვეულწილად იდენტიფიცირების პრობლემა არსებობს, მაგრამ პირველ რიგში ვეყრდნობით სასამართლოს გადაწყვტილებებს, სადაც მოხსენიებულნი არიან დამკავებელი პირები და მათთან ერთად პროკურორები, მოსამართლეები” – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, „პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა“ სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე თქმით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც  საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.