ლაშა ბაქრაძე - როდესაც შემეკითხებიან, რატომ მოვედი, მახსენდება პავლე მოციქულის სიტყვები, რომ აღარ არის ჩვენ შორის არც მონა და არც თავისუფალი
ერთობა არის ერთადერთი გზა ქვეყნის გადარჩენისათვის. ჩვენი დიდი ერთობა და დიდი ეროვნული ძალისხმევა კი საჭიროა იმისათვის, რომ საქართველო დავაყენოთ სწორ გზაზე, რომ საქართველო იყოს ნაწილი თავისუფალი ერების ერთობისა. ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ყველა ბედნიერად იცხოვრებს, – ამის შესახებ „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პლატფორმის წარდგენაზე ლაშა ბაქრაძემ განაცხდა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა არის მართლაც გზაგასაყარზე და ეს ქვეყანა დგას ალბათ ამ საუკუნეში ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველას, ვინც აქ არის, კარგად ესმის, რომ მხოლოდ ერთობით დავძლევთ ამ დიდ ამოცანას, რომელიც ჩვენ თვალწინ დგას. სწორედ ამიტომ შევუერთდი ადამიანების ამ ჯგუფს, რომელსაც, მჯერა, სურთ არა მხოლოდ რომელიმე ერთი პარტიის, ერთი კოალიციის გამარჯვება, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება ამ დიდ ბრძოლაში.
როდესაც შემეკითხებიან, რატომ მოვედი, რადგან მეც შემეძლო, წყნარად ვყოფილიყავი, სიმშვიდეში, ამავდროულად მახსენდება პავლე მოციქულის სიტყვები, რომ აღარ არის ჩვენ შორის არც მონა და არც თავისუფალი. მნიშვნელობა არ აქვს, ქალი იქნება თუ კაცი, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი დიდი მიზანი – ჩვენი ქვეყანა, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი სამშობლო გადავარჩინოთ ურჩხულისაგან, რომელიც უფსკრულისაკენ მიაქანებს ამ ქვეყანას. ამიტომ არის ერთი გზა ამ გადარჩენის – ეს არის ჩვენი დიდი ერთობა და დიდი ეროვნული ძალისხმევა, რათა საქართველო დავაყენოთ სწორ გზაზე იმისათვის, რომ მრავალფეროვანი საქართველო იყოს ნაწილი თავისუფალი ერების ერთობისა. ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ყველა ბედნიერად იცხოვრებს, სადაც იქნება სამართლიანი სამართალი, სოციალური სამართლიანობა, სადაც ყველასათვის იქნება თავისუფალი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, თანასწორობა ადამიანებს შორის და სადაც განსხვავებული აზრისათვის არავინ იდევნება. ასეთი სამშობლო მინდა მე და მგონია, თქვენც. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მოციქული პავლეს სიტყვები – „თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ და მაშ, იდექით მედგრად და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.