ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის, ბიზნესის და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრა გაიმართება
„თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლარის კურსთან დაკავშირებით ერთობლივი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მთავრობის, ბიზნესის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„რა თქმა უნდა, ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენგან დაისვა კითხვები და პასუხი იყო ის, რომ ამაზე მთავრობა ფიქრობს და ალბათ, მოკლე პერიოდში მოხდება ერთობლივი შეხვედრა, სადაც იქნებიან ბიზნესის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.
რა თქმა უნდა, ისეთ მიმართულებაზე, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას შეეხება და კონკრეტულად ინტერვენციებს, თუ რამდენი უნდა იყოს, ამაზე დღეს არ გვქონია საუბარი. განსაკუთრებით იმპორტიორებისგან დაისვა კითხვები ლარზე, რადგან მათზე კურსის ცვალებადობა გავლენას ახდენს და ამაზე პასუხი იყო, რომ ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება ამ საკითხის განხილვა“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.