ლაპლანდიელი სანტა, რომელიც „მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია“, საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა
ლაპლანდიელი სანტა, რომელიც „მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია“, დღეს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპაცია დაგმო და საქართველოს ერთიანობასა და მშვიდობაზე ისაუბრა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსაკუთრებულ ადგილას. დღეს ეს ხიდი ჯერ კიდევ ჰყოფს ოკუპირებულ აფხაზეთს და თავისუფალ საქართველოს. მსოფლიოში ჩემი მთავარი დანიშნულება არის, ვიყო მშვიდობისა და სიკეთის ელჩი. ვიცი, რომ ახლო მომავალში ეს საზღვარი არ იარსებებს და ვისურვებ, მოვიდე შემდეგ წელს ამ ხიდთან და აღვნიშნოთ ამ საზღვრის არქონა. ეს სურვილი საუკეთესო იქნება ქართველებისთვის და მსოფლიოსთვის. ახლა დროა ქართველი ხალხისა და თავისუფალი საქართველოსი. მიყვარხართ, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩმა ენგურის ხიდზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, ლაპლანდიელმა სტუმარმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა, მოგვიანებით კი საჩუქრები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილ ბავშვებს დაურიგა.
ადგილზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„ზუგდიდის შემდეგ სანტა კლაუსი ფოთს ხვალ, 2 იანვარს კი მესტიას ესტუმრება. ლაპლანდიელი სტუმარი საქართველოში 9 იანვრამდე დარჩება, ამ ხნის განმავლობაში კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და დედაქალაქს ესტუმრება.
პროექტის ინიციატორები არიან „საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია“ და „ფინეთ-საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი“. პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ოქროს სპონსორია მეღვინეობა „ხარება“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.