ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაჭრილი 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. იგი სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი ჭრილობით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია კიდევ ერთი შუახნის მამაკაცი. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თუმცა, ამ ვერსიას არ ადასტურებენ გარდაცვლილისა და დაჭრილის საერთო ახლობლები. მათი თქმით, საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.
ახალსოფელში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. სუფსის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.