ლანჩხუთის საკრებულოში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის შრომითი ანაზღაურების გაზრდის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. მიუხედავად ოპოზიიცის პროტესტისა, საკითხი საკრებულოს უმრავლესობამ მაინც დაამტკიცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, აღნიშნული საკითხის დაკანონებისას, დარღვეულია რიგი პროცედურები. რაც შეეხება დეპუტატების გაზრდილ ხელფასს, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავამ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მასზე უარი თქვან და 6 თვის განმავლობაში აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხვნა – თესვის სამუშაოებისთვის გადაეცეთ.
„მერიის ხელფასების მატება იყო აბსოლუტურად უკანონო, მათ დაარღვიეს ყოველგვარი პროცედურა, არ დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება და პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე „შემოაგდეს“. ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო, თუმცა ვიცოდი, რომ ასე ჩუმად, ქურდულად აპირებდნენ ამის შემოტანას. მოდის ხვნა-თესვის პერიოდი, საწვავი უკვე სამი ლარი გახდა, ესენი იძახდნენ მიშა იპარავდაო და ახლა ვინ იპარავს, მაინტერესებს. 6 თვის ხელფასი გამოდის 400 000 ლარი, რომლებსაც თანამდებობის პირები აიღებენ. ეს გაგვეჩერებინა და მიგვემართა საწვავის ვაუჩერებისკენ სოციალურად დაუცველი ფენისთვის“, – განაცხადა კახა ასკურავამ.
„ქართული ოცნებაში“ ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდა კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
„ადმინისტრაციული წარმოება ნამდვილად დაწყებული იყო და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის განცხადება, რაც ოპოზიციამ გააკეთა, იყო სიცრუე. რაც შეეხება ხელფასების მატებას და სოციალურად დაუცველთა დახმარებას, როცა ასკურავა თვითონ იყო ხელისუფლებაში, ასეთი ინიციატივა მეც ბევრჯერ მქონდა და არავინ დამეთანხმა. დღეს რომ გახსენდება, ეს არასწორია“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჩახვაძემ.