ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა

სტიქიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თექვსმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც გამოწვია საავტომობილო გზების ჩახერგვა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

სოფელ ომფარეთში, სადაც 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ სოფელ ხომლეთშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება, თუ რა სახის სამუშაოები გახდება საჭირო.

ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის.

„თვალნათლივ ჩანს, რომ მეწყრული ზონაა. ორი-სამი დღეა, გადაუღებლად წვიმს. ასეთი ძლიერი წვიმა ალბათ, კარგა ხანია, არ გვინახავს. რაც შეეხება ტერიტორიას, მთაგორიანია და მეწყერული ზონაა, წვიმამ უფრო დაალბო და განვითარდა მეწყერი. მოსახლეობა ყურადღების ქვეშაა. მუნიციპალიტეტს ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი, თუკი გადაადგილება, სასწრაფო დახმარება დასჭირდებათ, ეს არაა პრობლემა. ალტერნატიული გზაც არსებობს, ცოტა შორსაა. შესაბამისი სამსახურების მიერ დასკვნის დადებამდე, მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ძალებით, ვეცდებით, შესაბამისი დახმარება გავუწიოთ სოფელს და ეს გზა რაღაცნაირად აღვადგინოთ, ვიდრე მოხდება მთლიანად ამ გზის გეოლოგიური დასკვნით აღდგენა“, – განაცხადა ლანჩხუთის მერის მოადგილემ, ბიძინა იმნაიშვილმა.