ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება. 21 საბავშვო ბაღიდან სასწავლო პროცესი 20 ბაღში დაიწყება, ხოლო შუხუთის საბავშვო ბაღში სწავლის დაწყება დროებით გადაიდო. ამის მიზეზი საბავშვო ბაღის თანამშრომლის ოჯახში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევაა.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. საბავშვო ბაღები მომარაგებულია სპეციალური ხსნარებით და ყველა იმ საშუალებით, რაც რეკომენდაციითაა გათვალისწინებული. ვცდილობთ, ყველა საბავშვო ბაღი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მზად დახვდეს პატარებს. მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ბავშვების ჯანმრთელობას. ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით გადავლახავთ ამ პრობლემას“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.