ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე - სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ვაგროვებთ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს, ჰუმანიტარული ტვირთი მათ საჭიროებისამებრ მიეწოდებათ
„ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად მშრალ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს აგროვებენ.
როგორც ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილემ, ეკა გუჯაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტიქიამ გურიის რეგიონში მცხოვრებლებს დიდი ზიანი მიაყენა და მუნიციპალიტეტებში მათთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყეს.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი სტიქია მოხდა. არიან ადამიანები, რომლებსაც სტიქიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. მუნიციპალიტეტში დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. მივიღეთ ტვირთი ჩოხატაურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებიდანაც და მადლობა მათ თანადგომისთვის. ოჯახები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ტერიტორიიდან გაყვანას, გაყვანილი არიან და უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. ისინი, ვინც ადგილზე რჩებიან, ჰუმანიტარული ტვირთი საჭიროებისამებრ მიეწოდებათ“, – განაცხადა ეკა გუჯაბიძემ.