ლანჩხუთის მერი - სტიქიის ზონიდან უკვე 200 ადამიანია გამოყვანილი, ყველას, ვისაც გაყვანა სჭირდება, ვაკითხავთ და გამოგვყავს
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში უწყვეტად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ამ ეტაპისთვისაც გრძელდება ყველანაირი სამუშაო. ჩართულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. აღდგენილია ცენტრალურ გზებზე გადაადგილება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდასაუბნო გზების გასუფთავება. ასევე, მაქსიმალურად მუშაობს „ენერგო პროს“ სამსახურები. მთელი დასავლეთ საქართველოს ჯგუფებია მობილიზებული“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დარჩენილია 250 აბონენტი, რომელთაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ლანჩხუთის მერის განმარტებით, ხვალ 200 აბონენტის ჩართვა გახდება შესაძლებელი.
„რაც შეეხება გაზს, ასევე „სოკარი“ აქტიურად მუშაობს. დარჩენილია 357 აბონენტი გაზმომარაგების გარეშე. აქტიურად გრძელდება სამუშაოები ამ მიმართულებითაც. ასევე, ახლაც მიმდინარეობს მოსახლეობის გამოყვანა. უკვე 200 ადამიანია გამოყვანილი. ყველა ადამიანს, ვისაც გაყვანა სჭირდება, ვაკითხავთ და გამოგვყავს“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.