ლანჩხუთის მერი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობა დაიწყება
ლანჩხუთის მერი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობა დაიწყება

ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ, – ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტიდან 220-მდე ადამიანია გამოყვანილი. მერის განცხადებით, სოფელი წიაღობანი მოსახლეობისგან სრულად დაცლილია. როგორც მან აღნიშნა, წყალმომარაგების აღდგენაზე, ასევე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაბამისი კომპანიები მუშაობენ.

„ტექნიკა მუშაობს აგრძელებს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ორი სოფელი წიაღობანი და კოკათი, წიაღობანიდან მოსახლეობა საერთოდ გაყვანილია, ხოლო კოკათში ტექნიკა დანიშნულების ადგილამდე ვერ შედის, რადგან გეოლოგებმა ამ ეტაპზე თავის შეკავებისკენ მოგვიწოდეს, როგორც მათ გვითხრეს, ადგილი არ არის მდგრადი, შესაძლოა, მთა ისევ ჩამოწვეს და მეწყრული პროცესი განვითარდეს. საერთო ჯამში ელექტროენერგია 100 აბონენტს არ მიეწოდება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, სავარაუდოდ ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება. დარჩება ორი-სამი ოჯახი მხოლოდ, სადაც გაზის მილი ფიზიკურად ვერ გადავა, ვიდრე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარდება. ქალაქში წყალმომარაგება აღდგენილია, ხოლო სოფლებში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რადგან ყველა წყალსაცავი დამარხულია. სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ჯამში 220 ადამიანია გაყვანილი“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.