ლაგოდეხში ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
ლაგოდეხში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც 14 მილიონი დაიხარჯა, უხარისხოდ შესრულდა,
რის გამოც მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება.
ადგილობრივები უხარისხო წყალში თანხის გადახდას არ აპირებენ და წყლის მრიცხველების დემონტაჟსა და დაკისრებული გადასახადის ჩამოწერას მოითხოვენ.
მოსახლეობის თქმით, ქალაქში სარწყავი წყალი არ არის და იძულებული არიან, ნაკვეთების მოსარწყავად სასმელი წყალი გამოიყენონ, რაც გადასახადის რაოდენობაზე აისახება.
ამასთან, ადგილობრივები წყალზე სულადობრივი გადასახადის დაწესებასაც მოითხოვენ.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე თვის წინ ადგილობრივებს შეხვდნენ, თუმცა კომპანიასა და მოსახლეობას შორის კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
აქციის მონაწილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეუერთდა.
„ევროპული საქართველოდან“ ლაგოდეხის საკრებულოს წევრის, გიორგი ენუქიძის განცხადებით, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენამ პროტესტს პოლიტიკური ელფერი შესძინა, რაც სირცხვილი და ხალხის შეურაცხყოფაა.
აქციის საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციების პერიოდულად გამართვას გეგმავს და სასამართლოში სარჩელის შეტანასაც არ გამორიცხავს.