ლაგოდეხის ნაკრძალში ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა [ფოტო]
ლაგოდეხის ნაკრძალში ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა [ფოტო]

კახეთში მეორე დღეა, სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხში.

ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ვიზიტორთა ცენტრს, რის შედეგადაც დაზიანდა ორსართულიანი შენობის სახურავი და დაიბზარა კედლები. როგორც საქართველოს პირველ არხს ნაკრძალის ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ძლიერი ქარი და წვიმა რომ წამოვიდა, სამი თანამშრომელი ვიმყოფებოდით ცენტრში. საბედნიეროდ, გადავრჩით, მაგრამ შენობა ​დაზიანდა. მისი აღდგენა რამდენად შესაძლებელი იქნება, ალბათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, შენობის მდგრადობა მოგვცემს თუ არა ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა სულამანიძემ.

ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა ასევე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ე.წ „ტირ პარკთან” რიგში მდგომ სამ სატვირთო მანქანას, რომლებიც დატვირთული იყო საქართველოდან აზერბაიჯანში გასატანი მსუბუქი ავტომობილებით. წვიმის შედეგად, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფიც, მოგლეჯილი ხეებისგან ჩაიხერგა საავტომობილო გზა და დროებით შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულმა ლაგოდეხის მერიის შესაბამისმა სამსახურმა და მაშველებმა გზის გაწმენდა მალევე მოახერხეს და მოძრაობა აღდგენილია.

სინოპტიკოსები კახეთის რეგიონში უამინდობას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ.