ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი საბავშვო ბაღის და ორი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
კართუბანში, თელასა და ბაისუბანში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. სამივე ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, საბავშო ბაღის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო და მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედნები.
სამივე პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 286 840 ლარს შეადგენს.
ახალი, 150 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება შენდება სოფელ კაბალშიც. პროექტის ღირებულება 2 720 000 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაცია უტარდება ასევე სოფელ გიორგეთისა და სოფელ ცოდნისკარის საბავშვო ბაღებს. გიორგეთის საბავშო ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 799 890 ლარია, ხოლო ცოდნისკარის ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 499 999 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სკოლებს, სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი, ხოლო სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საჯარო სკოლისა და ოთხი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი გაეცნენ.