ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. მსუბუქად დაზიანდა ავტომობილი, რომელსაც წაქცეული ხის ნაწილი დაეცა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
„მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა გზაზე ავტომობილებით გადაადგილების პრობლემები არ შეიქმნას. ადგილზეა ენერგოკომპანიის ტექნიკური სამსახური. ისინი ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ. ყველა სამსახური სრულად მობილიზებულია და მოძრაობა ლაგოდეხი-მაწიმის საავტომობილი გზაზე ნაწილობრივ აღდგენილია“, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა.