სუფთა და უსაფრთხო წყლის მოთხოვნით ლაგოდეხის ცენტრში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაუქმდეს წყლის მრიცხველები და გადასახადი ოჯახის სულადობის პრინციპით დაწესდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ, რაც სასმელი წყლის ახალ სისტემაზე გადავიდნენ, გახშირდა ინტოქსიკაციის შემთხვევები. წყალს აქვს სპეციფიკური სუნი და გემო. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ მისი სასმელად გამოყენება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ლაგოდეხში სასმელი წყლის ახალი სისტემა ერთი წლის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გაკეთდა, რისთვისაც 13 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მოსახლეობის უკმაყოფილება სამართლიანია, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გარკვეული ხარვეზები დაუშვა და ვალდებულია ოქტომბრის ბოლომდე გამოასწოროს.