ლადო კახაძე - სამართლიანად მიმაჩნია, შალვა შავგულიძესთან დებატები საქართველოს პირველ არხზე გაიმართოს
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანად მიაჩნია, შალვა შავგულიძესთან დებატები საქართველოს პირველ არხზე გაიმართოს.
„დებატებთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველა ტელევიზიიდან მოდის მოთხოვნა. სამწუხაროდ, დარჩენილ მცირე დროში შეუძლებელია, ყველა არხზე სტუმრობა. ამავდროულად, ერთ არჩევნებზე, ერთ კონკურენტთან, ერთსა და იმავე საკითხზე, ასეთ მცირე დროში, ხუთი და ათი დებატის გამართვა შეუძლებელი და არასერიოზულია. სწორედ ამიტომ სამართლიანად მიმაჩნია, დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჩვენი მოქალაქეების, ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ეთერში გაიმართოს.თუკი დანარჩენი მედიის წარმომადგენლები ისურვებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდანაც იქნება მზაობა, დაგეგმილ დებატებში ყველა არხის ჟურნალისტს მისცეს მონაწილეობის შესაძლებლობა, ბუნებრივია, მზად ვარ, ნებისმიერი ჟურნალისტის, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო“,- აცხადებს ლადო კახაძე.