ლადო კახაძე გამარჯვების შემთხვევაში მთაწმინდასა და ძველ თბილისში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროცესში ჩართვას აპირებს
„ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ გუდიაშვილის ქუჩაზე, 9 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ლადო კახაძე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათ საკუთარი ხედვა გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, გუდიაშვილის ქუჩაზე, 9 ნომერში მდებარე სახლი 120 წლისაა და მას რეაბილიტაცია აუცილებლად სჭირდება. კახაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის აღნიშნული პრობლემის ინიცირებას პარლამენტში გეგმავს. ამასთან კახაძის თქმით, ისტორიული სახლები მთაწმინდაზე და ძველ თბილისში არაერთია, რომლებსაც რეაბილიტაცია და ყურადღება სჭირდება და ის ამ საკითხის მოგვარებაში აქტიურად ჩაბმას აპირებს.