ლადო კახაძე - ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა ავადმყოფობის მხარეს დგომაა, მივმართავ მსოფლიოს, ოკუპანტი ქვეყნის დასჯის რა ფორმაც არსებობს, გამოიყენონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
კახაძის თქმით, ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა, ავადმყოფობის მხარეს დგომაა.
მან ცივილიზებულ მსოფლიოს დახმარებისთვის მიმართა.
„მე ვდგავარ საქართველოს მიწაზე. აქეთაც საქართველოს მიწაა და იქითაც, და ეს არის დამადასტურებელი. ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა არის ავადმყოფობის მხარეს დგომა. მოვედი ჩემი, როგორც ბიოლოგიური, ისე პოლიტიკური ოჯახის ნების გამოსახატავად. და განსაკუთრებით სამედიცინო საზოგადოების ნების გამოსახატავად. მთელ მსოფლიოს, მთელ ცივილიზაციას, ყველა ქვეყანას, მათ ხელისუფალთ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებებს, ყველას მივმართავ, რომ ოკუპანტი ქვეყნის დასჯის რა ფორმაც არსებობს, გამოიყენონ იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც საქართველოს ბინადარს აღუკვეთა თავისუფლება“ ,- განაცხადა ლადო კახაძემ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.