ლადო კახაძე - აღმოვაჩინე თითქმის განუკურნებელი, ვერაგი ვირუსი, რომლის ელიმინირება ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთთან შეუძლიათ
21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე, თითქმის განუკურნებელი, ვერაგი ვირუსი, სიძულვილის ვირუსი, რომელიც კორონავირუსზე გაცილებით უარესია, გესლიანია, შხამიანია და მხოლოდ ამ სიძულვილის ვირუსით დაავადებულ ტვინს შეუძლია, ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
ლადო კახაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლებს სამართლიანად და გამჭვირვალედ შეუძლიათ „ამ სივერაგის ვირუსის სრული ელიმინირება“.
„ვუყურებ მონიტორს, როგორ მალე იწურება ჩემი სიტყვისთვის განკუთვნილი ლიმიტირებული ოთხი წუთი. ვფიქრობ, ეს ოთხი წუთი რა ბევრია დაავადებისათვის, დასნებოვანებისათვის, რა ბევრია დაავადების გადაცემისთვის, დანგრევისთვის, მოსაკვდინებლად, მოსაწამლად. აგერ, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი მოსახლეობა მოწმე იყო, ერთ წუთში ორმა ადამიანმა მოსაწამლად და სასიკვდილოდ გაიმეტა ამ დარბაზში მსხდომნი. სივერაგისთვის ეს ოთხი წუთი ბევრია ძალიან და როგორი ცოტაა და უკმარი დაავადების განკურნებისათვის, როგორი უკმარია დანგრეულის აღსადგენად, როგორი მცირეა დაჭრილისა და მოწამლულის გადასარჩენად. დიდი დრო მომცა უფალმა ამ ქვეყანაზე გამოცდილების დასაგროვებლად და ჭკუის სასწავლებლად, ბევრი კარგი რამ მანახა, ბევრი სიხარულის მონაწილე გამხადა, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდიც მანახა. ჩემი პროფესიის გამო ბევრ სივერაგეს შევხვედრილვარ, ბევრ დაავადებასთან მქონია საქმე და თავადაც ბევრი ცუდი დიაგნოზი დამიწერია, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობდა.
21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე, თითქმის განუკურნებელი ვერაგი ვირუსი, სიძულვილის ვირუსი, რომელიც კორონავირუსზე გაცილებით უარესია, გესლიანია, შხამიანია და მხოლოდ ამ სიძულვილის ვირუსით დაავადებულ ტვინს შეუძლია ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, უარყოს ოჯახში ჩაბუდებული რწმენა და სიყვარული, სითბო, ერთგულება, მსახურება, მიტევება, დათმობა, კულტურა, ტრადიცია, ადათი, მაგრამ ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაც ვიპოვნე – სიყვარული. გიყვარდეთ თქვენი ოჯახები, პატივით მოიხსენიეთ გარდაცვლილთა სულები, ყოველდღე, თანდათან, მეტად და მეტად შეიყვარეთ მეუღლეები, თავდადებით გიყვარდეთ შვილები და შვილიშვილები და განსაკუთრებით გიყვარდეთ თქვენი დიდი ოჯახი, თქვენი ქვეყანა, თქვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო. კორონავირუსს ეშველება. „ცე ჰეპატიტის“ გამომწვევი ვირუსის ელიმინაციასაც მოახერხებს მედიცინა. ამ სივერაგეს, ამ სიძულვილის ვირუსს რაც შეეხება, მივმართავ სრულიად საქართველოს, მივმართავ ჩვენი ქვეყნის ბინადრებს, როგორც საზღვრებს შიგნით, ასევე დროებით მის საზღვრებს გარეთ მოქცეულთ შემდეგი სიტყვებით – 31 ოქტომბერს არჩევნებია, საარჩევნო ყუთთან თქვენი კეთილგონიერი გადაწყვეტილების, არჩევანის მეოხებით, სავსებით უსაფრთხოდ, სამართლიანად და გამჭირვალედ შეგიძლიათ ამ სივერაგის, ვირუსის სრული ელიმინირება. გისურვებთ წარმატებას, ჩემო ძვირფასებო“, – განაცხადა კახაძემ.