ლადო ბოჟაძე - უწყებათაშორის კომისიაზე დავაყენებთ „ევროპული საქართველოს“ მიერ 600-კაციანი ღონისძიების გამართვის საკითხს, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას უკავშირდება
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ 600-კაციანი ღონისძიების გამართვის საკითხს დააყენებენ.
კერძოდ, ბოჟაძის თქმით, აღნიშნული თემა მნიშვნელოვანია, რადგან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას უკავშირდება.
„დღეს პირველად ტარდება უწყებათაშორისი კომისია, რომლის მუშაობაში ჩაერთვებიან როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დღის წესრიგში არის გარკვეული საკითხები, თუმცა ჩვენ ასევე გვეძლევა უფლება, დღის წესრიგის მიღმა დავაყენოთ კონკრეტული საკითხები. ჩვენი ორგანიზაცია დააყენებს „ევროპული საქართველოს“ მიერ 600- კაციანი ღონისძიების გამართვის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა იმ თვალსაზრისით, რომ უკავშირდება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას. ბუნებრივია, თუ „ევროპული საქართველო“ დოკუმენტურად ვერ დაადასტურებს, რომ ვინც შეხვედრას ესწრებოდა, ყველა ოფიციალურად იყო პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და ბუნებრივია, ამით უნდა დაინტერესდეს უკვე საქართველოს პროკურატურა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის, ნოქალაქევის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსთან, „ევროპული საქართველოს“ სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე რამდენიმე ასეული კაცისთვის გათვლილი სუფრა გაშალეს.
„ევროპული საქართველოს“ სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ღონისძიება მათ მიერ შეგროვილი თანხით იმართებოდა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს ელოდებოდნენ.
უწყებათაშორისი კომისია გაფართოებულ ფორმატში, პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წელს პირველად იკრიბება.