ლადო ბოჟაძე - როგორც ჩანს, „ძლიერი“ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზებებს ელოდებოდნენ, სად იქნებოდა მათი ადგილი 2020 წელს
ლადო ბოჟაძე - როგორც ჩანს, „ძლიერი“ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზებებს ელოდებოდნენ, სად იქნებოდა მათი ადგილი 2020 წელს

როგორც ჩანს, „ძლიერი“ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილისგან ან სხვა პარტიათა ლიდერებისგან რაღაც შეთავაზებებს ელოდებოდნენ, სად იქნებოდა მათი ადგილი 2020 წელს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როდესაც საკითხი კრიტიკულად დადგა, რომ ეს პროცესი უკვე კენჭისყრაზე უნდა მისულიყო, მათ თავიანთი თავი გამოაჩინეს და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, 2017 წელს მაჟორიტართა ამ ნაწილის თანხმობა იყო იმაზე, რომ ეს ცვლილებები 2020 წლის არჩევნებს არ შეეხებოდა და მათ კვლავ ექნებოდათ საშუალება, საკუთარი მაჟორიტარული ოლქებიდან ეყარათ კენჭი, მაგრამ როცა ეს პროცესი 20 ივნისის მოვლენებმა დააჩქარა, ისინი ამას „გაგებით“ შეხვდნენ, რადგან ელოდებოდნენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეიძლებოდა, რაღაც სხვა შეთავაზებები ჰქონოდათ.

„ვგულისხმობ „ძლიერ“ მაჟორიტარებს, რომლებიც მუდმივად, მათ შორის, 2017 წელს აფიქსირებდნენ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ზოგადად სისტემის ცვლილების. რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში, მათი პირადი ინტერესები იყო. ისინი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას მშვიდად შეხვდნენ, რადგან 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო“, – განაცხადა ბოჟაძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მაჟორიტართა ამ ნაწილმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა „ქართულ ოცნებას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აღმოაჩნდა რესურსი, ეს პროცესები ბოლომდე მიგვეყვანა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესი უკან ვერ დაბრუნდება და კენჭისყრაზე ისევ ვერ გავა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების ნებისმიერმა ახალმა პროექტმა იგივე პროცედურები უნდა გაიაროს, რაც გაწერილია და ამას ისევ თვეები დასჭირდება, თუმცა, არსებობს საარჩევნო სისტემები, რომლებიც კონსტიტუციური შეთანხმების გარეშე შეიძლება, მისაღები აღმოჩნდეს თავად ოპოზიციისთვის, რომელიც ახლა ქუჩაში დაბრუნდა.

„ასე ნუ ვიტყვით, რომ მხოლოდ მოქმედ პარლამენტარებს ადარდებთ, ისევ იქნებიან პარლამენტში თუ არა. ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლისთვისაც სამ და ხუთპროცენტიანი ბარიერი ყოველთვის პრობლემა იყო, ხელისუფლებამ ნულპროცენტიანი ბარიერი შესთავაზა. ეს ხალხი ასე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა; მათ ხელები დაიკაპიწეს, კარდაკარ სიარული დაიწყეს და ახლა, მათაც მოესპოთ პარლამენტში მოსვლის პერსპექტივა, რადგან კვლავ ვრჩებით შერეულ საარჩევნო სისტემაში, სამპროცენტიანი ბარიერით. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკოსები ქუჩაში დაბრუნდნენ და პოლიტიკური ძალების ის ერთობლიობა, რომელიც ჩვენ წარმოუდგენელი გვეგონა, კვლავ ვიხილეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ლადო ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ არსებობს სამართლებრივი რესურსი, რათა ისეთი სისტემა მივიღოთ, რომელიც ამ სიტუაციას მოაგვარებს.

„იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში ისე არ გამწვავდება, ამან კიდევ უფრო დიდ ღირებულებებს, სახელმწიფოს სტაბილურობას და განვითარებას შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.