ლადო ბოჟაძე - ვინმეს თუ ჰგონია, რომ 16 მარტს ღარიბაშვილი რიგგარეშე არჩევნების თარიღით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, ძალიან შემცდარა
ლადო ბოჟაძე - ვინმეს თუ ჰგონია, რომ 16 მარტს ღარიბაშვილი რიგგარეშე არჩევნების თარიღით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, ძალიან შემცდარა

ვინმეს თუ ჰგონია, რომ 16 მარტს ღარიბაშვილი რიგგარეშე არჩევნების თარიღით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, ძალიან შემცდარა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ექვსპუნქტიან გეგმაში წერია – ვნახოთ ფასილიტაციის და მოდერაციის პროგრესი, რა დონეზე ვართ და ნურავინ იფიქრებს, რომ 16 მარტს რამე უნდა დასრულდეს. 16 მარტს ჩვენ უნდა ვანახოთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ და იმისთვის, რომ მხარეები მაგიდასთან დასხდნენ, ჩამოსვლა კიდევ არ დასჭირდეს შარლ მიშელს, რომელიც სხვათა შორის, ამ ქვეყანაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა და არა სამადაშვილის მოწვევით“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს წაგებული არჩევნების შემდეგ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს არჩევნების რწმენა დაუკარგოს.

„იმიტომ, რომ ის სწორედ არჩევნებით დამარცხდა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება სწორედ არჩევნებით ვერ მოხერხდება, ვერასოდეს. ამიტომ არის ასეთი სცენარი – საზოგადოება დავაჯეროთ, რომ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, პლებისციტს აზრი არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებიც არ ჩავატაროთ და ა.შ. ამიტომ, მთელი სცენარი მიდის იმისკენ, რომ ქვეყანაში მუდმივად დაძაბულობა და ქაოსი იყოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველ ნოემბერს საზოგადოებას და დასავლეთს დაეჯერებინა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ნიკა მელიას მიერ პირველ ნოემბერს მოხსნილი სამაჯური სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ ტემპერატურა აწეულიყო და უფრო მეტი ადამიანი მისულიყო, მაგრამ პირველ ნოემბერს ეს სცენარი არ გამოვიდა. მერე ვნახეთ 8 ნოემბერი, როცა მსოფლიომ არჩევნები აღიარა და მერე დაიწერა ასეთი სცენარი – მოდი, ნიკა მელია გახდება პარტიის თავმჯდომარე, მოდი, გირაო არ გადავიხადოთ და სახელმწიფო გამოვიწვიოთ. ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი წერია ფურცელზე და ამის გასაღები იცით, რა არის?!- 40 000 ლარი, რომელიც დღესვე რომ შეგროვება დავიწყოთ, ხვალ 12 საათზე გადახდილი იქნება და ნიკა მელია პირველ საათზე სახლში იქნება, მაგრამ გგონიათ, ეს ხალხი თანახმაა? არა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ნიკა მელია იქ უნდა იჯდეს და ამათ ილაპარაკონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თურმე, ოპოზიციის ლიდერი დააკავა. ოღონდ, რატომ დააკავა, ამას არავინ იკითხავს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ოპოზიციას შეუძლია, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს და დოკუმენტურად დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა.

„რიგგარეშე არჩევნების მიღწევის უმოკლესი გზა არის იმის დამტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა. ერთპროცენტიან ცდომილებაზეა ლაპარაკი და რა არის აქ სავაჭრო? მოიტანე მაგალითი, დაამტკიცე, რომ გაყალბდა და გექნება რიგგარეშე არჩევნები. არც პლებისციტი გექნება, არც კარავში იჯდები, არც ნიკა მელიას დაჭერა იქნება საჭირო და არც მთელი ეს პროცედურები, რაც ახლა ხდება. ძალიან მარტივია, ხომ? ოპოზიციამ ხომ მსოფლიოში და საქართველოში ვერავინ დააჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა?! მათ შეუძლიათ, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ დოკუმენტურად დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ იცით, ამას რატომ არ აკეთებენ? იმიტომ, რომ არ გაყალბებულა. ეს შეუძლიათ ისე, რომ პარლამენტში არ შევიდნენ და თუ მაინც კარავში ჯდომა უნდათ, ისხდნენ იქ, რა მნიშვნელობა აქვს?“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, ისმის ლეგიტიმური შეკითხვა, თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არის დასავლეთი ჩუმად ოთხი თვის განმავლობაში.

„თუ არჩევნები გაყალბდა, დასავლეთი რატომ არის ჩუმად ოთხი თვეა და მეორე ჯერზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ყველა რატომ ულოცავს პრემიერ-მინისტრობას?“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ პლებისციტი იქნება ბოლო წვეთი, რომელიც ქაოსს დაასრულებს და ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დასვამს.

„ისინი მერე საარჩევნო რეფორმაზეც დაილაპარაკებენ, კანონის უზენაესობაზეც და ბევრ სხვა საკითხზეც, მაგრამ ეს არ აწყობს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც არჩევნები არ სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში არჩევნებით არ მოსულან, რევოლუციით მოვიდნენ და არჩევნებით წასვლა მოუწიათ, ახლა კი, საზოგადოების თვალში არჩევნები უნდა დაინგრეს, როგორც ინსტიტუცია, რომ არავინ არც ერთი არჩევნების შედეგებს არ ენდოს. პლებისციტშიც რომ აღმოჩნდეს, რომ ქართველი ხალხი რიგგარეშე არჩევნებს არ ითხოვს, რას იტყვიან?- გაყალბდაო. 2022 წელს რომ ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს, რა გავაკეთოთ? დასავლეთმა ისევ აღიარა, ისევ მიულოცეს, ისევ დაპატიჟეს, ისევ ხელი ჩამოართვეს, შარლ მიშელი ისევ ჩამოვიდა და ჩვენ ისევ ვიჯდეთ კარავში და ვიძახოთ – არაო? პლებისციტი იქნება ბოლო წვეთი, რომელიც ქაოსს დაასრულებს და ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დასვამს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.