ლადო ბოჟაძე - „ლელოს“ წევრებმა ჩვენი ორგანიზაციის ტრენინგებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ამიტომაც არის, საბა ბუაძე საარჩევნო საკითხებში რომ ვერ ერკვევა, იგივე შეიძლება ითქვას ელენე ხოშტარიაზეც
ლადო ბოჟაძე - „ლელოს“ წევრებმა ჩვენი ორგანიზაციის ტრენინგებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ამიტომაც არის, საბა ბუაძე საარჩევნო საკითხებში რომ ვერ ერკვევა, იგივე შეიძლება ითქვას ელენე ხოშტარიაზეც

ერთადერთი ადამიანი, ვინც წინააღმდეგობას უწევს მათ მითს, რომ არჩევნები გაყალბდა, ვარ მე და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ვარ სამიზნე, – ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

ლადო ბოჟაძე პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და „ლელოს“ წარმომადგენლის, საბა ბუაძის ერთობლივ ბრიფინგს გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია 2011 წელს დავაფუძნეთ და სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიტიკური ნიშნით არ აძლევდნენ გრანტებს ჩვენს ორგანიზაციას. ახლა გვაძლევენ მხოლოდ პროფესიული ნიშნით. რაც შეეხება 2016 წლიდან, ჩვენ 2015 წელსაც გვაქვს ჩატარებული შესაბამისი ღონისძიება, თანხები დეკლარირებულია და გამჭვირვალეა, წარდგენილია სამხარაულის ბიუროში და არც ერთი თეთრი კანონის დარღვევით არ არის დახარჯული. რაც შეეხება წლევანდელ წელს, იგივე „ლელოს“, როგორც ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიას, ჰქონდა შეთავაზება, ტრენინგებში მიეღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს „ახალი მემარჯვენეების“ სახელით და სწორედ ამიტომაც არის, საბა ბუაძე რომ ვერ ერკვევა საარჩევნო საკითხებში და იგივე შეიძლება, ითქვას ელენე ხოშტარიაზეც. მისი ყოფილი პარტიის წევრები, ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“ და იმის წინ კიდევ მისი ყოფილი პარტიის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ თუ არა ტრენინგებს, ადვილი გადასამოწმებელია, მათ შორის, ჩვენს ფეისბუქგვერდზე. ყველა ინფორმაცია საჯაროა და სამწუხაროა, რომ ადამიანები ცდილობენ არჩევნებზე საკუთარი მარცხის თუ არჩევნების ვითომ გაყალბებისთვის ადამიანების შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას და საუბარს, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები ფულს ხარჯავენ ბიუჯეტიდან ყოველგვარი კონტროლის გარეშე, რაც სრულიად წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

კითხვაზე, რას ემსახურება ელენე ხოშტარიასა და საბა ბუაძის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგობას უწევს ოპოზიციის წარმომადგენლების მითს, რომ არჩევნები გაყალბდა.

„მთავარი არის, რომ ის 13 ტყუილი, რაც ელენე ხოშტარიამ ახსენა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მე ვიყავი, ვინც გამოვეხმაურე და ასევე 13 სიმართლე ვთქვი მის 13 ტყუილზე. რაც ყველაზე მთავარია, წინასაარჩევნო პერიოდში მე ვთქვი, რომ ისინი ემზადებოდნენ შემდგომი პერიოდისთვის და მუდმივად იტყოდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ვთქვი, რომ მე ვრეგისტრირდები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ავიღებ მხოლოდ ერთ ბეიჯს და ერთი კაცი დავაკვირდები, მაგრამ საკმარისი ვიქნები, რომ მითი ეს – არჩევნები გაყალბდა – დავამსხვრიო, მე ამას ვაკეთებდი და ვაკეთებ. თქვენ იცით, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც წინააღმდეგობას უწევს მათ მითს, რომ არჩევნები გაყალბდა, ვარ მე და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ვარ სამიზნე. იგივე ეხებოდა, მაგალითად, ISFED-თან მიმართებით, როცა აღმოჩნდა, რომ არჩევნების გაყალბების ნაცვლად, პარალელური დათვლა იქნა გაყალბებული და რომ მათ სტრატეგიას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ დაარწმუნონ ვინმე, რომ არჩევნები გაყალბდა, მე ღიად ვეწინააღმდეგები. არჩევნები არ გაყალბებულა, საბა ბუაძესა და ელენე ხოშტარიას, ნებისმიერს, ვისაც გაუხარდება, მათ შორის, თქვენი ტელევიზიის ეთერით ან სხვა ეთერით, მზად ვარ არამხოლოდ ჩემს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ვისაუბრო, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ან როგორც ტრენერზე, რომელიც ერკვევა საარჩევნო საკითხებში, მათგან განსხვავებით, არამედ ზოგადად იმ თემაზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ვლადიმერ ბოჟაძის ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ ცესკო-ს სსიპ-ისგან, „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან“ 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით გრანტის სახით 370 770 ლარი მიიღო. საბა ბუაძის განცხადებით, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ გაცემული გრანტები კორუფციული სქემის მაგალითია.

დატოვე კომენტარი