ლადო ბოჟაძე - რამდენმა პარტიამ გადალახა ბარიერი, ვინ არ უშვებს ამ ხალხს პარლამენტში, საკუთარი ამომრჩეველი? არა, მიხეილ სააკაშვილი
ლადო ბოჟაძე - რამდენმა პარტიამ გადალახა ბარიერი, ვინ არ უშვებს ამ ხალხს პარლამენტში, საკუთარი ამომრჩეველი? არა, მიხეილ სააკაშვილი

კი ბატონო, ნუ შევლენ პარლამენტში, იმ კარავში მოიტანონ საბუთები, რომ არჩევნები გაყალბდა, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ, – განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„საგამოძიებო კომისიამ რომ არჩევნების გაყალბება დოკუმენტურად დაადასტუროს და ეს ერთ პროცენტზე მეტი იყოს, რიგგარეშე არჩევნები ხომ გვექნება?! აბა, თქვენი აზრით, რატომ წვალობს ოპოზიცია, ბორელს რატომ უსმენს და ეს პატიოსანი კაცი რატომ არის სამი დღის მაგივრად ერთი კვირა აქ?! კი ბატონო, ნუ შევლენ პარლამენტში. ხომ არ ვიძახი, პარლამენტში შედით მეთქი? იმ კარავში მოიტანონ საბუთები, რომ არჩევნები გაყალბდა, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ; ერთად გავხსნათ უბნები, დავამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა და დამთავრებული ამბავი იქნება. რად უნდა ამას შარლ მიშელი და მედიაცია? ოპოზიცია რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე უარს ამბობს, თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს ევროპარლამენტარებისთვის?“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის მედიაციით დღეს, ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე იმაზე ნამდვილად არ ლაპარაკობენ, გირაო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გადაიხადოს თუ „ქართულმა ოცნებამ“, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოვიდეს.

ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ხუთი თვეა, საუბრობს და ხალხის ნებაზე აპელირებს, თითქოს, რიგგარეშე არჩევნებს ხალხი ითხოვს, მაგრამ ეს ხალხი არსად ჩანს.

„ხალხი სად არის? ხალხს რატომ არ აქვს ეს განცდა, რომ არჩევნები გაყალბდა? სად ნახეთ გამოსული ხალხი, რომელიც არჩევნებს აპროტესტებს? 30 პარტია რომ რუსთაველზე ხალხს შეკრებს, ამაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ხალხი თავისით იკრიბება ქუთაისში. ასეთი აქცია ორჯერ ვნახეთ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ერთადერთი ადამიანი და ძალა, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლით არის დაინტერესებული, არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.

„რამდენმა პარტიამ გადალახა ხომ ბარიერი და ვინ არ უშვებს ამ ხალხს პარლამენტში, საკუთარი ამომრჩეველი? არა, მიხეილ სააკაშვილი. აბა, გაბედონ და შევიდნენ. ჩვენ ამ ორპოლუსიანობიდან არ გვიშვებენ. ნახევარი მილიონი ამომრჩეველი დარჩა მოტყუებული. „ლელო“ შეიძლებოდა, ყოფილიყო ის ძალა, ვისგანაც განსხვავებული პოზიცია რომ დაგვენახა, ვერავინ იტყოდა, რომ ვინმეს მიეკედლა, მაგრამ „ლელოც“ კი მიხეილ სააკაშვილის ტყვე აღმოჩნდა. რატომ და როგორ, ეს „ლელოს“ საქმეა. ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ერთი რამ მინდა, ვთქვა – რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს, ან 2024 წელს ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ იმაზე მეტ ხმებს აიღებს, ვიდრე ახლა აიღო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე 2020-ში აიღო. იმიტომ, რომ 2024 წელს ჩვენ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გვაქვს და დღეის გადასახედიდან, 2024 წლის პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა იქნება“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ლადო ბოჟაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა და გაყალბებასთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნებიც რომ არ იყოს, ის საქართველოში შექმნილი კრიზისის განსამუხტად საუკეთესო საშუალება იქნება.

„რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი არის მაშინ, როცა ან მმართველი კოალიცია იშლება და მთავრობის ფორმირება ვერ ხდება, ან ახალარჩეული პარლამენტი მუშაობას ვერ ახერხებს. 2012 წლის არჩევნები ამ ხელისუფლებამ მოიგო, 2013-ის მოიგო, 2014-ის, 2016-ის, 2017-ის, 2018-ის და 2020-ის; 2021-ს კიდევ მოიგებს ახლა, შვიდ თვეში, სამ წელიწადში კიდევ 2024-ს და ამ არჩევნებს ყოველ შაბათ-კვირას ხომ არ ჩავატარებთ?!“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.