ლადო ბოჟაძე - ქუჩის აქციებით ოპოზიციას ერთადერთი რამის მიღწევა შეუძლია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხება გაამართლოს
ქუჩის აქციებით ოპოზიციას ერთადერთი რამის მიღწევა შეუძლია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხება გაამართლოს, – ასე უპასუხა ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა არის დღეს ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ოპოზიციას ქუჩის აქციებით შეუძლია.
„რას ემსახურება პროცესი და საითკენაც მივდივართ? საბოლოო ჯამში, ოპოზიციის ჩემთვის ყველაზე მეტად გასაგები მოტივაციები ისაა, რომ მათ რეალურად, წააგეს არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2024 წლის არჩევნებიც. იმიტომ, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რეალურად, მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შეუძლია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა და 2020-ში პარლამენტში ყოფნა. იმ პარლამენტში, სადაც სისტემურად, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, 5%-იანი ბარიერით და უბლოკო სისტემით დიდი შანსია, კოალიციური მთავრობა გყავდეს. თუმცა, თუ ეს მოცემულობა 2024-ში გადავა, არც იქ გვეყოლება კოალიციური მთავრობა. იქაც ან „ქართული ოცნება“ მოიგებს თეორიულად, ან „ნაციონალური მოძრაობა“ თეორიულად, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის ხაზია“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისი თქმით, პარტიებს, რომლებმაც 3% და მეტი შედეგი აჩვენეს, აქვთ არჩევანი, რომელიც უნდა გამოიყენონ.
„ისინი ან პარლამენტში უნდა შევიდნენ, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიმრავლონ, „შეირგონ“ დაფინანსება, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონია, განვითარდნენ და გაძლიერდნენ, რომ მერე მაინც მივიღოთ კოალიციური მთავრობა, ან დარჩნენ ბოიკოტის რეჟიმში და მომავალში, თამაშგარეთ“, – განაცხადა ბოჟაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მიჰყვებიან ეს მცირე პარტიები ასეთ პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“, ლევან ბოჟაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის არჩევნების შედეგების აღიარება სერიოზული პრობლემაა.
„მაგალითად, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უნდა აღიაროს, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, ამხელა ბუმბერაზ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მოსახლეობის მხოლოდ 1% ენდობა და მარტო უნდა შევიდეს პარლამენტში. ამის აღიარებას და თქმას არ ჯობია, თქვას, რომ გაყალბდა?! დამთავრებული ამბავია“, – განაცხადა ბოჟაძემ.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, 2020 წლის არჩევნები ჯამურად ოპოზიციამ მოიგო.
„თქვენ გახსოვთ, 31 ოქტომბრის ღამემდეც, გვიანამდე, რუსთაველზე ზარ-ზეიმი იყო და იყო საუბარი, რომ ჯამურად, არჩევნები მოიგეს. ბოლო სამი-ოთხი დღეა, ეს ტერმინი აღარ გვესმის და ჯამურად მოგებული ოპოზიციის არჩევნები გაქრა. არადა, ასეა – „ქართულ ოცნებას“ 48% აქვს, დანარჩენ ოპოზიციას კი 52%. დღეს „ქართულ ოცნებას“ 150 მანდატიდან 74 მანდატი აქვს, 17 ოლქში 21 ნოემბერს მეორე ტური იქნება და თეორიულად, ოპოზიციამ 17-ვე მანდატი რომ მოიგოს, მით უმეტეს, ამ ფონზე, როცა ასი ყური, ასი თვალი, ასი კამერაა და ამხელა ამბავი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში. ელემენტარული არითმეტიკაა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა ორი დიდი ლუსტრაცია მოახდინა.
„აღმოჩნდა, რომ „გაყალბებულ“ არჩევნებზე, რომელიც ჯამურად ოპოზიციამ მოიგო, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის გარდა რვა პოლიტიკური პარტია შეიყვანა, რომლიდანაც ექვსი, აღმოჩნდა, რომ თურმე, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ჭკუაზე დადის და მის დირექტივებს, ხაზს მიჰყვება. და კიდევ ერთი, მთავარი ლუსტრაცია, რომ თურმე, „პატრიოტთა ალიანსი“ არ ყოფილა „ქართული ოცნების“ დანამატი და სატელიტი. იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში ისიც არ შედის“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მისივე თქმით, წვრილ-წვრილი პროვოკაციების, არეულობების და პრობლემების შექმნის გარდა, მიმდინარე პროცესს უბრალოდ, არ შეიძლება, რამე სერიოზული გართულება მოჰყვეს, რადგან ორი მილიონი ამომრჩევლიდან თავს „მოტყუებულად“ ალბათ, რამდენიმე ასეული თვლის.