ლადო ბოჟაძე - მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის პირველი ნოემბერი, როგორც რევოლუციური სცენარი, არ შედგა, გაიწერა მეორე სცენარი - ნიკა მელია ციხისთვის გაწირეს
ვფიქრობ, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მაინც სპონტანური და ემოციური იყო, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მელიას საკითხთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა და ეს საკითხი უბრალოდ არ განიხილებოდა. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმას მოყვა, რომ როდესაც პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა და მათ მელიასთან შეხვედრაზე უარი მიიღეს, უკვე სხვა სახის ღონისძიებები უნდა დაგეგმილიყო. ჩვენ დილიდანვე მოვისმინეთ აშშ-ის საელჩოსა და სხვა პარტნიორთა განცხადებები, სადაც სტაბილურობაზე გაკეთდა მინიშნება. მათ შორის, მშვიდობაც იყო ნახსენები და როგორც ჩანს, გახარიამ სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ არ აეღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება, იქ სპეცრაზმის შესვლას მოჰყოლოდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისი თქმით, ნიკა მელიამ მოახერხა და გიორგი გახარია 20 ივნისს, ბრჭყალებში, დარღვევაზე წამოიკიდა, რაც მისი ამოცანა იყო.
„თქვენ გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში შევარდნაზე, რომლის შემდეგაც მელია საერთოდ გაქრა და როცა ეს პროცესები წავიდა, მერე ვეღარ ვიპოვეთ ვერც მელია და ვეღარც რომელიღაც სხვა პოლიტიკოსი. ახლა უკვე, პირველი ნოემბრიდან დაწყებული პროცესი დღეს, ფაქტობრივად, დამთავრდა იმით, რომ გახარია ასევე ბრჭყალებში დუელში გამოიწვია იმით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, აქამდე მივიდა და თავისი ქმედებით გახარია, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, კიდევ ერთხელ აიძულა, შს მინისტრზე ბრძანება გაეცა, ან მიეცა თანხმობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე სპეცრაზმის საშუალებით, ან კიდევ უფრო მძიმე ფორმებით აღსრულებულიყო. ვფიქრობ, გახარიამ ამ პასუხისმგებლობას აარიდა საკუთარი თავი, მაგრამ რა თქმა უნდა, გუნდი ვერ აარიდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა.
„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ოპოზიციისთვის პირველი ნოემბერი, როგორც რევოლუციური სცენარი, არ შედგა, რადგან მათ მსოფლიოში ვერავინ დაარწმუნეს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ქვეყანაში ან პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა იქნებოდა, ან მთავრობის. ამას შესაძლოა, არეულობა მოჰყოლოდა და გაიწერა მეორე სცენარი. ნიკა მელიას დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა. იმიტომ, რომ ის ციხისთვის გაწირეს; ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროცესები განვითარებულიყო. შეიძლებოდა, ეს პროცესები კიდევ უფრო მძიმედ წასულიყო და ჩემი აზრით, გახარიას გადადგომამ ეს პროცესები მინიმუმ, შეანელა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
როგორც ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„გახარიას გადადგომას ოპოზიციაში დილიდანვე მოჰყვა ჟივილ-ხივილი. საუბარი დაიწყეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე და გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან სხვა წინადადებით მივიდოდა; თითქოს, ხელისუფლებას გადააბარებდნენ, რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებდნენ და იმას გააკეთებდნენ, რასაც მელია მაგიდაზე დაუბრახუნებდა. თუმცა, ამ ხალხს ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა გაიგეს, რომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა, რადგან სტატუს კვო აღდგა. თუ გიორგი გახარიას მოვიაზრებდით, როგორც ხისტ პრემიერს, პრინციპულ კრიზისმენეჯერს და ამ პროცესთან დაპირისპირებულს, ასეთი ფიგურა დაბრუნდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს გარკვეულ კონტაქტებს საერთაშორისო დონეზე და აქვს ძალიან კარგი კონტაქტები ნატო-ში, რადგან თავდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ის „ქართული ოცნების“ პირველი თაობაა და მისმა გაპრემიერებამ გააჩინა განცდა, რომ თამაშშია არა მხოლოდ ის ახალი თაობა, რომელიც პარლამენტში მოვიდა, ან „ქართულ ოცნებას“ მერე შეუერთდა, არამედ პირველი თაობაც.