La Repubblica - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხვალ გადადგება, მის ადგილზე პრეტენზიას კოლინა აცხადებს
გაზეთ La Repubblica-ს ინფორმაციით, ორშაბათს გადადგომის შესახებ გამოაცხადებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო.
74 წლის ფუნქციონერმა თანამდებობის დატოვება იმ ზეწოლის გამო გადაწყვიტა, რომელიც ბოლო დროს დაატყდა თავს.
ეს ზეწოლა გამოწვეულია იტალიის ნაკრების კრახით. ამ გუნდმა ვერ გადალახა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ვერ ითამაშებს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე.
როგორც La Repubblica წერს, 2018 წლის დასაწყისში გაიმართება ახალი პრეზიდენტის არჩევნები. ამ პოსტზე ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი იქნება ექს-მსაჯი პიერლუიჯი კოლინა.