ესპანურმა ლა ლიგამ საერთაშორისო სპორტულ მედიაჯგუფ Relevent-თან ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის მიზანია ესპანური ფეხბურთის პოპულარიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. კონტრაქტი 15-წლიანია.
პრიმერას ხელმძღვანელობა და Relevent გეგმავენ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მინიმუმ ერთი მატჩი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართოს. მხარეები არ აზუსტებენ, რომელი კლუბები ჩავლენ აშშ-სა და კანადაში, მაგრამ იგეგმება, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გრანდი – “რეალი”, “ბარსელონა” ან “ატლეტიკო”.
ლა ლიგა და Relevent არ აზუსტებენ, სად გაიმართება მატჩები, მაგრამ დიდი ალბათობით, პირველ თამაშს მაიამი უმასპინძლებს. ამასთან, Relevent-ის პრეზიდენტი ფლობს NFL-ის კლუბ “მაიამი დოლფინზს” და Hard Rock Stadium-ს.
2018 წელს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პირველად ჩაატარა ესპანეთის სუპერთასი ქვეყნის ფარგლებს გარეთ – “ბარსელონა” და “სევილია” მაროკოში შეხვდნენ ერთმანეთს.
2018-2019 წლების ლა ლიგის გათამაშება 17 აგვისტოს დაიწყება.