კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაიშალა
კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ ბიურო უმრავლესობის მხრიდან შეგნებულად ჩაიშალა, რისი მიზეზიც იყო ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა.

„ჩვენმა პატივცემულმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო. ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ის, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისთვის რაიმე განსაკუთრებული მოქმედება და შეიძლება ითქვას, შეგნებულადაც ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო. საზოგადოებას ვერ მოვატყუებთ, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ, პირიქით, ჩვენი მხრიდან ასეთი მცდელობა არ ყოფილა. რამდენიმე დეპუტატი ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად გამოვცხადდით, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, დროის გაწელვის გზით, პროცედურული გზით, რაღაცნაირად შემაფერხებელი ნაბიჯები გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ ალტერნატივის სახით წარმოდგენილი კანონპროექტი არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი. სიტყვასიტყვით იგივეა. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინა. ოპოზიციას შეეძლო, თუნდაც, პროცედურული ომისთვის და დროის გაწელვისთვის საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტი წარმოედგინა, თუმცა სუსტი პროექტი წარმოადგინა. ოპოზიციას სურდა, პროცედურული ომი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ალტერნატიული წინადადება წარადგინა. ოპოზიციამ აირჩია პროცედურა, რომელიც გულისხმობდა მათი ალტერნატიული წინადადების მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან ერთად განხილვას.