კვლევითი ლაბორატორიების როლი მეცნიერებაში და მათი უსაფრთხოების ზომები — #1tvმეცნიერება
კვლევითი ლაბორატორიების როლი მეცნიერებაში და მათი უსაფრთხოების ზომები — #1tvმეცნიერება

ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, სამეცნიერო მიღწევა თუ პროგრესი, რომელზეც დღეს კაცობრიობა დგას, სათავეს ლაბორატორიებიდან იღებს. ვიდრე ჩვენამდე მოვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნებისმიერი პრეპარატი, ტექნოლოგია თუ მეთოდი, წლების და ათწლეულების განმავლობაში გადის ლაბორატორიებში ცდებს, კვლევებს, ტესტებს.

მსოფლიოში დღეს ათასობით მოწინავე, სხვადასხვა დანიშნულების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომლებშიც მეცნიერები მუხლჩაუხრელად შრომობენ კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის. საბედნიეროდ, ერთ-ერთი ასეთი ლაბორატორია საქართველოშიც ფუნქციონირებს — ლუგარის კვლევითი ცენტრი, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

რა არის ზოგადად ლაბორატორია? კონკრეტულად რა როლს ასრულებს მეცნიერებაში? როგორია უსაფრთხოების ნორმები? რა რისკებს შეიცავს?

ლაბორატორია არის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლირებად გარემო პირობებს სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების, ექსპერიმენტებისა და გაზომვებისთვის.

ლაბორატორიების ორგანიზაცია და კონტენტი განისაზღვრება მასში მომუშავე სპეციალისტთა სხვადასხვა საჭიროებებით. ფიზიკის ლაბორატორია შეიძლება მოიცავდეს ნაწილაკთა ამაჩქარებელს ან ვაკუუმის კამერას, მეტალურგიული ლაბორატორიაში კი შეიძლება ნახოთ აპარატურა, რომლითაც ხდება ლითონების ჩამოსხმა, დაწმენდა და სიმტკიცის ტესტირება. ქიმიკოსი და ბიოლოგი შეიძლება ე. წ. სველ ლაბორატორიას იყენებდეს, ფსიქოლოგი კი სარკეებიან ოთახს დამალული კამერებით, რომელშიც ქცევას აკვირდებიან. კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიებში კომპიუტერებს ან სუპერკომპიუტერებს იყენებენ სიმულაციების და მონაცემთა ანალიზისათვის.

ამჟამინდელ მტკიცებულებათა მიხედვით, უძველესი ლაბორატორია ძველბერძენ ფილოსოფოსსა და მეცნიერს, პითაგორას ეკუთვნოდა. ლაბორატორია პითაგორამ მაშინ შექმნა, როდესაც ექსპერიმენტს ატარებდა ხმის ტონებისა და სიმების ვიბრაციის შესახებ.

ჯგუფური კვლევები მე-19 საუკუნეში დაიწყო, მე-20 საუკუნეში კი მრავალი სახის ახალი აღჭურვილობა შეიქმნა.

2002 წელს, პრაღაში შემთხვევით აღმოაჩინეს მე-16 საუკუნის ალქიმიური ლაბორატორია, რომელიც მეცნიერთა აზრით, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ რუდოლფ II-ს ეკუთვნოდა.

უსაფრთხოება

ძლიერ სპეციალიზებული კვლევითი ლაბორატორიები, რომლებსაც შეხება აქვთ ინფექციურ აგენტებთან, ბიოუსაფრთხო ლაბორატორიებია. როდესაც კვლევით თუ საწარმოო საქმიანობას ახორციელებ, მუშაობ ინფექციურ მასალებთან, ორგანიზმებთან თუ ლაბორატორიულ ცხოველებთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაცვის სათანადო ხარისხს. გარანტირებული უნდა იყოს ლაბორატორიის პერსონალის, გარემოსა და ადგილობრივი საზოგადოების დაცვა. ამ ტიპის საქმიანობებისთვის საჭირო დაცვა განისაზღვრება ბიოუსაფრთხოების დონეებით. ბიოლოგიური უსაფრთხოების დონეები დანომრილია ერთიდან ოთხამდე, რასაც განსაზღვრავს ის აგენტები თუ ორგანიზმები, რომლებზეც კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. თითოეული დონე წინა დონეს ეფუძნება და დამატებული აქვს შეზღუდვები და ბარიერები.

ბიოუსაფრთხოების ოთხი დონე შეიქმნა კონკრეტული აგენტების გარემოში მოხვედრისგან დასაცავად. ამ აგენტებს შორის არის ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები, პრიონები, რიკეტსიოზური აგენტები და ვირუსები — უდიდესი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი. მრავალ შემთხვევაში, კვლევით სამუშაოებში ჩართულია ხერხემლიანი ცხოველები, თაგვებიდან დაწყებული, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით დამთავრებული. ხერხემლიანებზე მიმდინარე კვლევებისას აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ზომები. ყველაზე ინფექციურ აგენტთა გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ფართო ზომები, არა მხოლოდ მათი ვირუსულობის გამო, არამედ ბიოტერორიზმში მათი გამოყენების პოტენციალის გამოც.

დონე 1 (BSL-1)

ყველაზე დაბალი დონე, ბიოუსაფრთხოების დონე 1 ეხება იმ აგენტებთან მუშაობას, რომლებიც როგორც წესი, მინიმალურ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ლაბორატორიის თანამშრომლებისა და გარემოსთვის და არ იწვევს დაავადებას ჯანმრთელ ზრდასრულებში. ამ აგენტების კვლევა ძირითადად მიმდინარეობს ღია ლაბორატორიულ მერხებზე სპეციალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. BSL 1 ლაბორატორიები ძირითადი შენობისგან იზოლირებული არ არის. ლაბორატორიის პერსონალს უტარდება ტრენინგი კონკრეტული პროცედურების შესახებ, რომელსაც გამოცდილი მიკრობიოლოგი ან მეცნიერი კურირებს.

ლაბორატორიის პერსონალისა და შენობის სხვა თანამშრომლების დასაცავად საკმარისია სტანდარტული მიკრობიოლოგიური პრაქტიკა. მათ შორის არის მხოლოდ მექანიკური პიპეტირება, ბასრი ნივთების უსაფრთხო დამუშავება, შხეფებისა და აეროზოლების თავიდან აცილება, სამუშაოს დასრულების შემდეგ ყველა სამუშაო ზედაპირის დამუშავება (დეკონტამინაცია). დაღვრილი მასალის დეკონტამინაცია დაუყოვნებლივ ხდება, პოტენციურად ინფექციურ მასალათა დეკონტამინაცია კი განკარგვამდე, ძირითადად ავტოკლავში სტერილიზაციის გზით. სტანდარტული მიკრობიოლოგიური პრაქტიკა ასევე მოითხოვს ყურადღებას პირადი ჰიგიენისთვის, მაგალითად, ხელების დაბანას და ლაბორატორიაში ჭამის, სმისა და მოწევის აკრძალვას. ატარებენ პერსონალური დაცვის
ჩვეულებრივ ლაბორატორიულ აღჭურვილობას, მათ შორის თვალების დამცავს, ხელთათმანებს და ლაბორატორიულ ჟილეტს.

დონე 2 (BSL-2)

ბიოუსაფრთხოების მეორე დონე მოიცავს მუშაობას ადამიანის დაავადებებთან დაკავშირებულ აგენტებთან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზომიერი საფრთხის მქონე პათოგენებთან ან ინფექციურ ორგანიზმებთან. მაგალითებს შორის არის ცხენის ენცეფალიტის ვირუსები და აივ-ინფექცია რუტინული დიაგნოსტიკური პროცედურებისას ან კლინიკურ ნიმუშებთან მუშაობისას. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მათ ადამიანის დაავადების გამოწვევის პოტენციალი აქვთ, პირველი დონის ლაბორატორიებში არსებულ სტანდარტულ მიკრობიოლოგიურ პრაქტიკასთან ერთად, დიდ სიფრთხილეს მიმართავენ კანში შეღწევითი დაზიანების (ნემსის ჩხვლეტა ან კანის გაკაწვრა), გადაყლაპვის ან ლორწოვან გარსზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად. უკიდურესი სიფრთხილით ხდება დაბინძურებული ბასრი საგნების დამუშავება. სავალდებულოა ერთჯერადი შპრიცი-ნემსებისა და გახვრეტისაგან დაცული კონტეინერების გამოყენება. აკრძალულია დამსხვრეული მინის ჭურჭლის ხელში აღება; სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს ყველა ბასრი საგნის დამუშავება (დეკონტამინაცია) გამოყენების წინ. ლაბორატორიის თანამშრომლები იმუნიზებული უნდა იყვნენ გარკვეულ დაავადებათა წინააღმდეგ. ლაბორატორიაში შესვლა გაცილებით მეტად კონტროლდება, ვიდრე პირველი დონის ლაბორატორიებში. ლაბორატორიის დირექტორის გადაწყვეტილებით, შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვათ დაქვეითებული იმუნიტეტის, იმუნოშეზღუდულ და ინფექციებისადმი მაღალი რისკის მქონე პირებს.

მეორე დონის ლაბორატორიები აღჭურვილი უნდა იყოს ახალი თაობის ბარიერებით, უსაფრთხოების სპეციალური აღჭურვილობითა და მოწყობილობებით. საჭიროა თვალების დასაბანი სადგურიც. დაშვების ყველა ადგილას უნდა იყო თვითდახურვადი კარები და ბიოლოგიური საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები.

დონე 3 (BSL-3)

ყვითელი ცხელება, სენტ-ლუისის ენცეფალიტი და დასავლეთ ნილოსის ვირუსი იმ აგენტების მაგალითებია, რომლებიც ბიოუსაფრთხოების მესამე დონის პრაქტიკას და შეკავებას საჭიროებენ. ამ აგენტებთან მუშაობა მკაცრად კონტროლირებულია და რეგისტრირებული უნდა იყოს ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებაში. ესენია ადგილობრივი და ეგზოტიკური აგენტები, რომლებმაც აეროზოლური (ნაწილაკების ან წვეთების უბრალოდ შესუნთქვით) გადადების გზით შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული ან მომაკვდინებელი დაავადება. ამ აგენტების პათოგენურობა და კომუნიკაბელურობა დამცავი პროცედურებისა და ბარიერების შემდეგ დონეს საჭიროებს. მეორე დონის ყველა პრაქტიკასა და აღჭურვილობას ემატება შესვლაზე უფრო მკაცრი კონტროლი და ყველა ნარჩენის ლაბორატორიის შენობაშივე დეკომტამინაცია, მათ შორის ტანსაცმლისაც გარეცხვის წინ.

მესამე დონის ლაბორატორიებში გამოიყენება უფრო მეტი დამცავი ბარიერი თუ რესპირატორი. აუცილებელია ძირითადი შენობის დერეფნებისგან განცალკევებული ორმაგი თვითდახურვადი კარი. ლაბორატორიას ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს ცირკულაციის გარეშე.

დონე 4 (BSL-4)

აგენტები, რომლებიც მეოთხე დონის დაწესებულებას მოითხოვს, უკიდურესად საშიშია და აქვთ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა მაღალი რისკი. მათ შორის არის ებოლას ვირუსი, ლასას ვირუსი და მრავალი აგენტი პათოგენურობისა და გადამდებობის უცნობი რისკებით. ეს ობიექტები მაქსიმალურად არის დაცული. მესამე დონის ზომებს დამატებულია ტანსაცმლის მთლიანად გამოცვლა შესვლის წინ, გამოსვლის წინ შხაპი და ყველა მასალის დამუშავება (დეკონტამინაცია) შენობის დატოვებამდე.

მეოთხე დონის ლაბორატორიები ცალკე შენობებშია განთავსებული ან სრულიად იზოლირებული ზონაა საკუთარი მიწოდებითა და ვენტილაციით. გამოსული ჰაერი მაღალი ეფექტიანობის HEPA ფილტრებით იფილტრება, გამოყენებული აგენტების შესაბამისად.

სტატიაში ბიოუსაფრთხოების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე დონის ლაბორატორიებს შორის არსებულ მხოლოდ ძირითად სხვაობებსა და საკითხებს შევეხეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, არის სხვა მრავალი დეტალი, რომლების აღწერაც ძლიერ შორს წაგვიყვანს. სტატიის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიების ბიოლოგიური უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა იყო.

საქართველოში მოქმედ ლუგარის კვლევით ცენტრში არსებობს ბიოუსაფრთხოების მეორე (BSL-2) და მესამე (BSL-3) დონის ლაბორატორიები, რის გამოც, ის უნიკალურია კავკასიის რეგიონში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში. ამ ზონაში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, დაშვების კონტროლისთვის გამოიყენება თვალის სკანერი. BSL-3 ზონა წარმოადგენს მრავალ მომხმარებელზე გავლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი ვესტიბულები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა და შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა.