კვლევითი ცენტრის, „ევროპის მეგობრების“ მთავარი პრესსპიკერი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი შეაჩერებს ევროკავშირის გაფართოების მატარებელს
კვლევითი ცენტრის, „ევროპის მეგობრების“ მთავარი პრესსპიკერი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი შეაჩერებს ევროკავშირის გაფართოების მატარებელს

კვლევითი ცენტრის, „ევროპის მეგობრების“ მთავარი პრესსპიკერი დჰარმენდრა კანანი „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის არჩევნებზე და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე საუბრობს.

კანანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების პროგნოზირება ჯერ ნაადრევია, რადგანაც არსებობს ბევრი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს შედეგებზე. თუმცა, მისი თქმით, წინასწარი პროგნოზები აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში მემარჯვენე ფრთა საგრძნობლად გაძლიერდება.

„ისტორია გვაჩვენებს, რომ მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ახდენდნენ პოლიტიკური დებატების ფორმირებას ყველა არჩევნებზე. ეს დიდწილად მემარცხენეთა სისუსტის ბრალია. მათ ვერ გადაჭრეს ის პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია, დგას დღის წესრიგში. მათ გარანტირებულად მიაჩნიათ როგორც საკუთარი იდეოლოგია, ისე ელექტორატზე გავლენაც. რა ვიცით მემარჯვენეების შესახებ? ვიცით, რომ ისინი დაუბრუნდნენ ტრადიციულ პრინციპს და მუშაობენ საარჩევნო ოლქებში, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ისინი ოსტატურად ახერხებენ ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ მედიაში. უმეტესწილად ეს დეზინფორმაციაა, თუმცა ისინი ძალიან მარტივი ენით საუბრობენ. როდესაც დაუცველად გრძნობ თავს, როცა გრძნობ, რომ პოლიტიკა არ ასახავს შენს მოსაზრებებს, პოლიტიკოსები შენ არ გელაპარაკებიან, მაშინ სულაც არ არის გასაკვირი, აღმოაჩინო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უშუალოდ შენ გესაუბრებიან და გეუბნებიან, რომ ხმას თუ მიცემ, მაშინ შენი პრობლემები მოვარდება, შენ მათ უსმენ. სწორედ ამაშია პრობლემა. მემარჯვენეებს და ულტრამემარჯვენეებს აქვთ უნარი, კომპლექსური პრობლემები გაამარტივონ. ისინი ძალიან საზრიან ტყუილს უყვებიან ამომრჩევლებს. სწორედ ამაშია პრობლემა. ირონიულად ჟღერს, მაგრამ პრობლემა მემარცხენეებშია, რომლებიც სერიოზულად არ უდგებიან ამ გამოწვევებს“, – აცხადებს დჰარმენდრა კანანი.

მისივე აზრით, ევროპაში მემარჯვენეების გაძლიერების მიზეზი უმეტესწილად მემარცხენეების სისუსტის შედეგია.

„ჩემი აზრით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რა იქნება მთავარი ცვლილებები. ბევრი კომენტატორი ვარაუდობს, რომ ჩვენ ვიხილავთ მარჯვნივ გადახრას და პირველად მივიღებთ ყველაზე მემარჯვენე პარლამენტს ამ ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში. თუმცა, ასეთი პროგნოზების გაკეთებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია. ერთ-ერთი კი ის არის, რომ 35, 45 და უფრო მეტი ასაკის ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, ვის მისცემენ ხმას. ამასთან, 35 და 25 წლამდე ასაკის მოქალაქეების უმრავლესობა არჩევანს, როგორც წესი, კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე, ხანდახან კი ორი-სამი დღით ადრეც აკეთებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში პირველად მიიღებს მონაწილეობას. მათგან 20 პროცენტი ახალგაზრდაა. რამდენიმე ქვეყანაში ხმას მისცემენ 16 წლის მოქალაქეებიც. ამ 20%-ს მერყევ ამომრჩევლებს ვუწოდებთ, რომელთაც შეუძლიათ, შედეგებზე იმოქმედონ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია“, – ამბობს დჰარმენდრა კანანი.

„ევროპის მეგობრების“ პრესსპიკერის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი, სავარაუდოდ, არ გაჩერდება.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი და უკვე შემდგომ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის არჩევა შეაჩერებს გაფართოების იმ მატარებელს, რომელიც უკვე დაიძრა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეს იქნებოდა უპრეცედენტო მოვლენა, თუ ახალი ევროკომისია ან პარლამენტი მოულოდნელად იტყვის უარს გაფართოებაზე. ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. ამის პრეცედენტი არ არსებობს და ასეთი რამის გასაკეთებლად საჭირო იქნება ევროპული საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში უკვე გამართულ დისკუსიასთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში ადამიანები დასვამენ უამრავ შეკითხვას, თუ რატომ ხდება ეს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის გაფართოებას საკმარისი მხარდაჭერა აქვს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რაც უკრაინაში მოხდა. ჩემი აზრით, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა იციან, რომ ევროკავშირმა უნდა დაასრულოს ე.წ. მშვიდობის პროექტი. დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების, საქართველოს, უკრაინის მიღება წარმოადგენს ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას. უკრაინამ კი მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რატომ არის ფსონები ასეთი მაღალი და როგორ გაიზრდება ეს ფსონები როგორც სიმბოლურად, ისე მატერიალურად, თუ ამ ქვეყნებს ევროკავშირში არ მივიღებთ. ამით დაზარალდებიან ევროკავშირი და მისი მოქალაქეები. სხვა მავნე მოთამაშეები, რომლებიც არ იზიარებენ ევროკავშირის ღირებულებებს, მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დაყოფა მათთვის სარგებლის მომტანია როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც“, – აღნიშნავს „ევროპის მეგობრების“ პრესსპიკერი.

კვლევითი ცენტრის, „ევროპის მეგობრების“ მთავარ პრესსპიკერთან, დჰარმენდრა კანანისთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.