კვლევის თანახმად, თურქეთში, ეგვიპტესა და ჩინეთში ჟურნალისტთა უფლებები ყველაზე ხშირად და უხეშად ირღვევა
თურქეთი, ეგვიპტე და ჩინეთი დასახელდნენ ქვეყნებად, რომლებშიც ყველაზე ხშირად და უხეშად ირღვევა ჟურნალისტთა უფლებები. კვლევის შედეგებს ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
უკვე მეორე წელია, რაც ეს ჩამონათვალი თურქეთით იწყება. მსოფლიო მასშტაბით სასჯელს იხდის 262 ჟურნალისტი. მათგან ყველაზე მეტი, 73 ჟურნალისტი გისოსებს მიღმა თურქეთში იმყოფება და მედიის ყველაზე მეტი წარმომადგენელი თურქეთში ელოდება განაჩენს.
თურქეთში დაკავებულთა უმრავლესობას სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის ასამართლებენ. წელიწადნახევრის განმავლობაში თურქეთში 2500-მა ჟურნალისტმა დაკარგა სამსახური და 800 ჟურნალისტს ჩამოართვეს პრესის მოწმობა.
ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჟურნალისტის საკუთარი მოვალეობის შესრულების გამო დასჯა საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და აისახება ქვეყნის იმიჯზე.
„არც ერთი ჟურნალისტი ხელისუფლებას ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ დაუკავებია. ციხეში არიან ისინი, ვინც ტერორიზმსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერდა მხარს და თავს ჟურნალისტად ასაღებდა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქეთში წლიდან წლამდე ვითარება მწვავდება და შემაშფოთებელი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.
2017 წლის 31 მარტს თურქეთში სასამართლომ გაათავისუფლა 19 ჟურნალისტი. პროკურატურამ მათი გათავისუფლება გაასაჩივრა და მედიის წარმომადგენლები ისევ დააპატიმრეს. მოსამართლეები კი, რომლებმაც ჟურნალისტთა ციხიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწვეტილება მიიღეს, სამსახურიდან დაითხოვეს.
ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, ჩინეთში დაკავებულია 41, ხოლო ეგვიპტეში 20 ჟურნალისტი.