კვლევის თანახმად, თურქეთის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ ეს უახლოეს მომავალშია შესაძლებელი
თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ გაწევრიანება უახლოეს მომავალში შესაძლებელია, – თურქეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეკონომიკური განვითარების ფონდი ავრცელებს.
გამოკითხვის თანახმად, ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის მსურველთა რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, სამი პროცენტით გაიზარდა და 78.9 %-ს მიაღწია. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები მიზეზად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, კეთილდღეობას, განათლების მიღების შესაძლებლობას და თავისუფალ გადაადგილებას ასახელებენ.
ეკონომიკური განვითარების ფონდმა კვლევა 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1311 რესპონდენტს ესაუბრა.
ევროკავშირს თურქეთთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები ორი წლის წინ უნდა დაესრულებინა, თუმცა ევროკომისიაში აცხადებენ, რომ თურქეთს ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი დღემდე არ აქვს დაკმაყოფილებული.
რაც შეეხება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას, მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო. ბოლო პერიოდში თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე იმოქმედა. ევროპარლამენტმა ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების რეკომენდაციით მიმართეს.