კვლევის თანახმად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 85-მა ბენეფიციარმა 2014-2018 წლებში 390 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, კომპანიამ „ბიდიო“ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა.
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევისთვის 100 ბენეფიციარი შეირჩა, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან სულ მცირე, ორი წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელია, ბენეფიციარების საქმიანობის შედეგებისა და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება. 100 ბენეფიციარი კომპანიიდან, კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 კი, არსებული საწარმო, რომლებიც, პროგრამაში ჩართვის შედეგად გადაიარაღდა და გაფართოვდა. ჯამურად 100 ბენეფიციარის ბიზნესის სტატუსია: 61 გაფართოება, 39 სტარტაპი.
ჩატარებული კვლევის შედეგად, შემდეგი სურათი გამოიკვეთა: 2014-2018 წლებში ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ 164 მილიონ ლარზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი შეიქმნა, სადაც 54 პროცენტი შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46 პროცენტი სტარტაპების მიერ. მშპ-ის რეგიონალური ანალიზი აჩვენებს, რომ დაახლოებით 79 პროცენტი შექმნილია თბილისში წარმოდგენილი ბენეფიციარების მიერ, რადგან კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60 პროცენტი სწორედ თბილისში მდებარეობს.
ამასთან, კვლევის თანახმად, 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში 390 მილიონი ლარია.
რაც შეეხება ინვესტიციებს, კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ 2014-2018 წლებში მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, დაახლოებით 0.38 პროცენტს შეადგენს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.
ასევე, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ 3 033, ხოლო ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 25.6 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადები 2014-2017 წლების პერიოდისთვის 42.5 მლნ ლარს აჭარბებს და ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, კვლევის შედეგებით, 2013-2018 წლებში პროგრამის ბენეფიციარმა კომპანიებმა საექსპორტო გაყიდვებიდან 311 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ასევე, კვლევის თანახმად, პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება გააუმჯობესეს და ცდილობენ, იმპორტს კონკურენცია გაუწიონ.