კვლევის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 12.6% ენდობა, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი 24.3%
პოლიტიკურ პარტიებს ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 12.6% ენდობა, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი 24.3%, – ამის შესახებ აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის შედეგებში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა.
კვლევა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას ეხება.
კვლევის თანახმად, ეთნიკურ უმცირესობებში მაღალია საქართველოსა და ქართული საზოგადოების მიმართ კულტურულ-პოლიტიკური იდენტობის განცდა. თუმცა, ეს განცდა რამდენადმე კლებულობს ახალგაზრდა თაობაში. ამავე კვლევით, უმცირესობების ჯგუფების უმრავლესობა პოლიტიკური ინკლუზიის მომხრეა. თუმცა, დაახლოებით მათი მესამედი ეთანხმება იმას, რომ პოლიტიკა ელიტების და არა ჩვეულებრივი მოქალაქეების საქმეა. გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ. დაბალი აქტივიზმის მიზეზად სახელდება პოლიტიკის მიმართ ინტერესის არქონა, ოჯახური დატვირთვა და ქართული ენის არასრულყოფილი ცოდნა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მთავარ გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების და სათემო გაერთიანებების არამდგრადობა და არასაკმარისი მზაობა, დამოუკიდებლად აწარმოონ სამოქალაქო აქტივიზმი.
არჩევნების კუთხით აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული პროგრამული აქტივობები, რომლებიც მიმართულია არჩევნების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებასა და არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისკენ.
კვლევის მონაწილეთა 74.5%-ის თქმით, მათ მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მათმა 65.5%-მა გამოხატა მზაობა, რომ აპირებდა ხმის მიცემას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტთა 91.2%-ს არასდროს მიუღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში.
კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები და არც კვოტირების პრაქტიკა, რომელიც წაახალისებს პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას.
რესპონდენტთა დაახლოებით 70%–ს ან არ გაუგია ან უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობა რაიმე მიმართულებით. ზოგადად, კვლევის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა დაბალია, რესპონდენტთა მხოლოდ 12.6% აცხადებს, რომ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს.
ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც, თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 24.3% ენდობა მათ. რესპონდენტთა, სულ მცირე, ნახევარმა (54.8%) არ იცის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო თემატიკა ან თვით მათი არსებობაც კი თავიანთ რეგიონში-დასახლებაში.
კვლევა მოიცავს, როგორც ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებზე მანამდე მომზადებული კვლევებისა და დოკუმენტების ანალიზს, ასევე რაოდენობრივი და ფოკუს ჯგუფების მეთოდით შეკრებილ მონაცემებს.
რაოდენობრივი კვლევის პროცესში გამოიკითხა 1 314 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევაში უმეტესწილად აქცენტი ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლების პოზიციაზე გაკეთდა, რომლებიც კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ.