კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა, ადამიანის ინტელექტზე ნეგატიურად იმოქმედოს
ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა, ადამიანის ინტელექტზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ასეთი დასკვნა გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების ეროვნულ აკადემიაში. ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევების შედეგები აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსეს.
ანგარიშის თანახმად, დაბინძურებული ჰაერის ქრონიკული ზემოქმედება ადამიანის კოგნიტურ განვითარებას შეაფერხებს.
კვლევები ჩინეთის ტერიტორიაზე ჩატარდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 20 ათასი ჩინელის მათემატიკურ და ვერბალურ უნარებზე მონიტორინგი მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მათ სტანდარტულ მათემატიკურ და ვერბალურ ტესტებს უტარებდნენ.
პასუხებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანების შესაძლებლობები ეტაპობრივად მცირდებოდა.
ანგარიშში განმარტებულია, რომ კვლევების შედეგები გლობალურ ხასიათს ატარებს. რადგან დედამიწაზე მოსახლეობის 80 პროცენტი საფრთხის შემცველ ჰაერს სუნთქავს.
„ჰაერის შემადგენლობაში დაბინძურების მაღალმა დონემ ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები შეიძლება ერთ წელში შეამციროს“,- აღნიშნულია აშშ-ის მეცნიერების ეროვნული აკადემიის ანგარიშში.
კოგნიტური განვითარების შეფერხებასთან ერთად, დაბინძურებული ჰაერი გენეტიკური დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის. მათ შორის არის ალცჰაიმერის დაავადება და დემენცია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გამო, დედამიწაზე ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაცია მას „უხილავ მკვლელად“ მოიხსენიებს.