კვლევის თანახმად, ავტომობილს საქართველოში მოსახლეობის 46 პროცენტი ფლობს
საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ავტომფლობელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთილმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 46 პროცენტი ფლობს ავტომობილს.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი – ხარისხს.
რაც შეეხება ფასსა და ხარისხს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევით, ბოლო წლებში მთავრობამ საავტომობილო საწვავის სტანდარტები გაამკაცრა; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე პერიოდულად ახორციელებს შემოწმებას – 2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში არსად არ გამოვლინდა ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა.
ამასთან, კვლევის თანახმად, საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსზე და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე იყო დამოკიდებული. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48 პროცენტით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53 პროცენტით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა.