კვლევის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი ევროკავშირს ენდობა, 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს
საქართველოს მოსახლეობის 80 მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, – ასეთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევამ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
საქართველოში 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა 2019 წლის თებერვლიდან აპრილამდე და ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1 000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.
კვლევის ძირითადი შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან; საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი ენდობა ევროკავშირს (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ); საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტი დადებითი აზრისაა ევროკავშირზე და მხოლოდ 4 პროცენტს გააჩნია უარყოფითი აზრი.
ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74 პროცენტი (16 პროცენტით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას და 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში მოცემულია კვლევის ძირითადი შედეგები საქართველოში და ბმულები, დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკებში და ანგარიშში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, უკვე ოთხი წელია კვლევები ყოველწლიურად ტარდება, აქედან პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო. მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში. შედეგები ექვსი ქვეყნიდან ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში არის წარმოდგენილი.