კვლევის მიხედვით, უკრაინაში გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
უკრაინაში გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც უკრაინული მედია წერს, ასეთია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 5-10 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კერძოდ, სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2024 წლის თებერვალში იმ უკრაინელების წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 54%-დან 44%-მდე შემცირდა.
„უკრაინაში განაგრძობს შემცირებას იმ მოქალაქეთა წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება და 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, ახლა მეტნი არიან ისინი, ვისაც მოვლენების მიმართულება არასწორი მიაჩნიათ“, – ნათქვამია კვლევაში.
კერძოდ, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის დეკემბრამდე 32%-დან 46%-მდე გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ მოვლენები არასწორად ვითარდება. უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილი არიან დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლები, სადაც გამოკითხულთა 55%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 35% საპირისპირო აზრისაა.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის გადაყენების პერიოდს დაემთხვა. გამოკითხვა სატელეფონო ინტერვიუს საშუალებით, მობილური ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. სულ გამოიკითხა უკრაინის ყველა რეგიონში (ყირიმის გარდა) მცხოვრები 1202 რესპონდენტი. 874 ინტერვიუ ჩატარდა 8 თებერვლამდე, ანუ ზალუჟნის გადაყენებამდე, დანარჩენი 328 – მისი გადაყენების შემდეგ 9 და 10 თებერვალს. გამოკითხვაში არ მონაწილეობდნენ იმ ტერიტორიების მცხოვრებლები, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება დროებით არ აკონტროლებს.