კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა არ არსებობს მონაცემები, ანაზღაურებადია თუ არა ეს შრომა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა წარადგინეს ახალი კვლევა, ოჯახში დასაქმებულების შრომითი უფლებები საქართველოში.
კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს.
ხელშეკრულების არარსებობა კრიზისის, მაგალითად, პანდემიის დროს, დახმარებისა და ბენეფიტების მიღებასაც აფერხებს. კვლევის ეს შედეგები, სხვა მონაცემებთან ერთად, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინშეხვედრაზე წარადგინეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნეგატიურ გავლენაზეც, რომელიც პანდემიამ ოჯახში დასაქმებულთა სამუშაოზე მოახდინა.
შეზღუდვებისა და დამსაქმებლებში ვირუსის მიმართ არსებული შიშის გამო, მათმა უმრავლესობამ ან საარსებო სახსრები დაკარგა, ან შემცირებულ ანაზღაურებას იღებს. ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და ეკონომიკაშიც დიდი წვლილი აქვთ, თუმცა მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის.
ოჯახში დასაქმებულები, რომლებიც არაფორმალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ, ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვის იმ მექანიზმებით, რომლებიც ფორმალურად დასაქმებულებისთვის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ამას გარდა, სავარაუდოა, რომ ოჯახში დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები და უფლებები ნაკლებადაა დაცული, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ისინი სასამართლოს, სახალხო დამცველს ან შრომის ინსპექციას არ მიმართავენ.
კვლევამ ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეგულირების სავარაუდო ზეგავლენა და პერსპექტივებიც შეისწავლა. საბოლოოდ, მისმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, რათა საქართველო შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენციას ოჯახში დასაქმებულების შესახებ.
აღნიშნული დოკუმენტი ყველასთვის ღირსეულ შრომასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება. 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალთა არაფორმალური შრომის, კერძოდ, ოჯახში დასაქმებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კონვენციის რატიფიცირების, ადვოკატირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების განხორციელების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს.
კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.