კვლევის მიხედვით, საქართველოს პირველ არხზე დასავლელი აქტორები ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ ავტორიტეტებად, რომელთა მოსაზრებებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს
კვლევის მიხედვით, საქართველოს პირველ არხზე დასავლელი აქტორები ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ ავტორიტეტებად, რომელთა მოსაზრებებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს

„საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 28 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არჩევნების თემის გაშუქებას 12 საათი და სამი წუთი დაეთმო. აქედან უცხოელი აქტორების გაშუქების წილი 11% იყო.

კვლევის თანახმად, სიუჟეტების დაახლოებით მეოთხედი (25 სიუჟეტი 99-დან), რომელიც უცხოელ აქტორებს ეხებოდა ან მათზე საუბრობდა, გადაცემის პირველ ხუთ სიუჟეტად გავიდა.

„ძირითადი თემები, რომლებზე საუბრისასაც უცხოელი აქტორების გაშუქება მოხდა: ევროპარლამენტართა გზავნილები და მათზე გამოხმაურება, კენჭისყრა ევროპარლამენტში, ევროპარლამენტის რეგულაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ და მასზე გამოხმაურება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილი არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის მნიშვნელობის შესახებ, მსოფლიო პანდემია და არჩევნები, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა არჩევნებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ონლაინმიმართვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, კიბერუსაფრთხოების ფორუმი, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, საპარლამენტო არჩევნები 2020, ოპოზიციური პარტიების შეკრება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, Emerging Europe-ის სტატია სტარტაპებზე საქართველოში.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესების კონტექსტში, 28 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში, პირველ არხზე ყველაზე ხშირად ევროპასთან და ევროკავშირთან დაკავშირებული აქტორები გაშუქდნენ. მომდევნო ყველაზე ხშირად გაშუქებული აქტორები იყვნენ აშშ-ის წარმომადგენლები (როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აშშ-ს საელჩო და ელჩი), რუსეთი და რუსეთის წარმომადგენელი აქტორები და ნატო. დანარჩენ სუბიექტებს სამი წუთი ან უფრო ნაკლები დრო დაეთმოთ.

გაშუქების წილი უმეტესად ირიბ საუბარს წარმოადგენდა. თუმცა, აშშ-ის ელჩს, ევროპარლამენტარებს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს, საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ნატო-ს წარმომადგენლებს პირდაპირი საუბრის საშუალებაც მიეცათ. რაც შეეხება უცხოელი აქტორების გაშუქების ტონს, ევროპისა და ევროკავშირის შემთხვევაში გაშუქების მეხუთედი დადებითი იყო, დანარჩენი – ნეიტრალური. გაშუქება უმეტესად დადებითი იყო ნატო-ს შემთხვევაში, რაც ძირითადად პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტისას ნატო-ს გენერალური მდივნის საუბარს უკავშირდება. გაშუქების უარყოფითი წილით გამოირჩევა რუსეთი, მასზე საუბრის 92% უარყოფითი ტონით შეფასდა“,- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, რუსეთი და მასთან დაკავშირებული აქტორები ძირითადად უარყოფითად შუქდებოდნენ საქართველოსთან მიმართებით.

„საარჩევნო სუბიექტები ღიად აფიქსირებდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ იმისთვის, რომ ხაზი გაესვათ საკუთარი პოლიტიკური პარტიის საგარეო ორიენტაციისთვის.

გარდა ამისა, რესპონდენტები ხშირად ახდენდნენ ოპონენტი საარჩევნო სუბიექტების ასოცირებას რუსეთთან მათი დისკრედიტაციის მიზნით.

პირველ არხზე გაშუქდა კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ამ თემის წინასაარჩევნო მნიშვნელობასა და რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხეებზე. სხვადასხვა სიუჟეტში, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან (როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან) საუბარი იყო რუსეთის მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების პროცესში ჩარევისა და კიბერშეტევების განხორციელების მცდელობებზე.

რუსეთისაგან განსხვავებით, დასავლელი აქტორები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის წარმომადგენლები ძირითადად წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც ავტორიტეტები, რომელთა მოსაზრებებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. მთელ რიგ სიუჟეტებში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი წარმოჩენილია დადებითი კუთხით, როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული პირი. ელჩი მუდმივად ხაზს უსვამდა პარლამენტის უფრო მეტად წარმომადგენლობითობისა და ქართველი ამომრჩევლის ინფორმირებულობის საჭიროებას, ასევე პარტიების ქცევის კოდექსში ასახული პრინციპების შესრულების აუცილებლობას, რაც თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

აშშ-ის ელჩთან ერთად, მონიტორინგის ამ საანგარიშო პერიოდში შუქდებოდნენ გერმანიის ელჩი და ევროკავშირის ელჩი. ისინიც საუბრობდნენ წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზების პრობლემატიკაზე და ხაზს უსვამდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები ნეგატიურად აისახება არჩევნების პროცესზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიები გაშუქებულია, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე არჩევნების პროცესის დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებაში. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების გზავნილებს რაც შეეხება, წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოს ქება, ასევე კრიტიკა, რეკომენდაციები და ევროპარლამენტარების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეულწილად გაშუქებული იყო ორივე მხარე – მხარდაჭერა, რასაც ხელისუფლება ევროპარლამენტარების გზავნილებში ხედავდა, ასევე კრიტიკა, რაზეც ოპოზიცია ამახვილებდა ყურადღებას – აპოლიტიკური სასამართლოს მნიშვნელობის ხაზგასმა და მედია მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან თავშეკავება.

ამასთანავე, არხმა გადმოსცა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის ინტერვიუც, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ზუსტად ის იყო ნათქვამი, რისი თქმაც მათ სურდათ და დამატებითი გზავნილების ძიება აბზაცებს შორის საჭირო არ იყო.

უშუალოდ საინფორმაციო გამოშვების წამყვანებისა და ჟურნალისტების ტონი საგარეო აქტორების გაშუქებისას ძირითადად ნეიტრალური იყო და რესპონდენტთა განცხადებების პერიფრაზს წარმოადგენდა. სიუჟეტებში უმეტესად დაცული იყო წყაროთა ბალანსი, რაც მაყურებელს აძლევდა საშუალებას, გაშუქებულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს გაცნობოდა. თუმცა, იყო ისეთი შემთხვევებსაც, როცა წყაროების რაოდენობა და გაშუქების ინტენსივობა ბალანსის ნაკლებობის განცდას ტოვებდა“,- აღნიშნულია კვლევაში.

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის საარჩევნო მედიამონიტორინგის პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, CRRC-საქართველო სატელევიზიო მედიის თემატურ მონიტორინგს ატარებს და იკვლევს სატელევიზიო მედიის მიერ საქართველოს საარჩევნო პროცესებზე უცხოური გავლენის აღქმას. CRRC-საქართველო აკვირდება სატელევიზიო მედიის მიერ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას, კონკრეტულად კი უცხოელი აქტორების საჯარო განცხადებებს, მოწოდებებს, ქმედებებსა და ამის განხილვას.

უცხოელ აქტორებში მოიაზრებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო პოლიტიკური ჯგუფები, უცხოელი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები. მონიტორინგი იკვლევს, თუ რომელ უცხოელ აქტორებს აშუქებს ქართული სატელევიზიო მედია ყველაზე ხშირად და რა კონტექსტში, საქართველოში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მათი რომელი ქმედებები ექცევა სატელევიზიო მედიის ახალი ამბების ყურადღების ქვეშ და როგორ აშუქებს მედია ამ ქმედებებს.