კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე დავით სერგეენკო და კახა კალაძე არიან
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე არიან.
გამოკითხულთა 31 პროცენტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო უარყოფითი 32 პროცენტს.
ამასთან, გამოკითხულთა 28 პროცენტი აცხადებს, რომ დადებითი დამოკიდებულება აქვს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27 პროცენტს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 19 პროცენტს კი – უარყოფითი. ამასთან, რაც შეეხებათ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარადგენს.
აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.