კვლევის მიხედვით, ომიკრონი სავარაუდოდ 91 პროცენტით ნაკლებად ფატალურია დელტასთან შედარებით — #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი დაავადების გამწვავების „არსებითად შემცირებულ რისკს“ ფლობს, ვიდრე დელტა ვარიანტი. ამავე დროს, სავარაუდოდ 91 პროცენტით ნაკლებია შანსი, რომ ინფიცირებულის სიკვდილი გამოიწვიოს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა მყარი მტკიცებულებები, რომლებიც გაცილებით ნაკლებად მწვავე ინფექციაზე მიუთითებს.
ომიკრონით ინფიცირებული 70 000-ზე მეტი კალიფორნიელის კვლევით დადგინდა, რომ მათი ჰოსპიტალიზების საჭიროების შანსი განახევრებული იყო დელტათი ინფიცირებულებთან შედარებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის საჭიროება კი 75 პროცენტით შემცირებული.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულებს, იქ ყოფნის დრო მათთვის დაახლოებით 70 პროცენტით არის შემცირებული, მკურნალობის საშუალო დრო 1,5 დღეს შეადგენს, რაც დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა შემთხვევაში ხუთი დღეა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ომიკრონით ინფიცირებული სამჯერ მეტი ადამიანი შეისწავლეს, არც ერთ მათგანს საავადმყოფოში ფილტვების ვენტილატორი არ სჭირდებოდა, მაშინ, როცა დელტათი ინფიცირებული გაცილებით მცირე ჯგუფის შემთხვევაში, ის 11 პაციენტს დასჭირდა.
ყველაზე იმედისმომცემი კი ის არის, რომ ომიკრონით ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაიღუპა, რაც 91 პროცენტით შემცირებას ნიშნავს თუ შევადარებთ დელტათი ინფიცირებული 16 982 ადამიანიდან 14-ის სიკვდილს. კვლევაში არ წერია, რა ასაკის იყვნენ გარდაცვლილები ან იყვნენ თუ არა ისინი ვაქცინირებულები.
ამავე კვლევის მიხედვით დადგინდა ისიც, რომ ინფექციის გაჟონვა, ანუ ვაქცინირებულების ან კოვიდგადატანილების ინფიცირების შანსი ომიკრონის შემთხვევაში გაცილებით მაღალია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის განცხადებით, ასეთი შედეგები თვითკმაყოფილების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან ომიკრონი უკიდურესად გადამდენია და მაღალია ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვის ალბათობა.
მომზადებულია nypost.com-ის მიხედვით.