კვლევის მიხედვით, ევროპაში მცხოვრები ადამიანი საშუალოდ სიცოცხლის ორ წელს დაბინძურებული ჰაერის გამო კარგავს
ევროპაში მცხოვრები ადამიანი საშუალოდ სიცოცხლის ორ წელს კარგავს დაბინძურებული ჰაერის გამო. ანგარიშს „ევროპიან ჰარტ ჯორნალი” (European Heart Journal) აქვეყნებს.
ანგარიშში საუბარია, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით 800 ათასამდე ადამიანი ნაადრევად იღუპება ევროპაში, რაც კონტინენტზე ყოველწლიურად გარდაცვლილი ხუთი მილიონი ადამიანის დაახლოებით 17%-ია.
კვლევის ავტორები წერენ, რომ სიკვდილიანობის მიზეზის უმეტესობა (საერთო მაჩვენებლიდან 40-დან 80%-მდე) ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შედეგია და დაკავშირებულია გულის დაავადებებთან და ინსულტთან, რომელიც გამოწვეულია სისხლის მიმოქცევაში არსებული ჰაერის დამაბინძურებლების შედეგად და საერთო არ აქვს რესპირატორულ სისტემასთან.
„მკვეთრად გაზრდილი მტვრის ნაწილაკების ქრონიკული ზემოქმედება სისხლძარღვთა ფუნქციას აუარესებს, რამაც შესაძლოა, მიგვიყვანოს მიოკარდიულ ინფარქტთან, არტერიულ ჰიპერტონიასთან, ინსულტთან და გულის უკმარისობასთან“, – წერენ მკვლევარები.
„პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება იწვევს უფრო მეტ სიკვდილიანობას წელიწადში, ვიდრე თამბაქოს მოწევა,“- აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი კარდიოლოგი ტომას მიუნზელი.
მისივე თქმით, „მოწევის თავიდან არიდება შესაძლებელია, ჰაერის დაბინძურების კი – შეუძლებელი.“
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჰაერის დაბინძურება, რაც გამოწვეულია წიაღისეული საწვავის წვისგან, სწრაფად შეიძლება ჩანაცვლდეს სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროებით. ასეთი ჩანაცვლება „არსებითად გაზრდიდა სიცოცხლის ხანგრძლივობას“.
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გლობალურად მკვეთრად არის გაზრდილი, გასული ხუთი წლის განმავლობაში ის 8 %-ით არის მომატებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, მტვრის ნაწილაკების (PM2.5-ის) დონე ყველაზე მაღალია ინდოეთში. მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული 30 ქალაქიდან, 16 სწორედ ინდოეთშია. „ლანცეტის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ინდოეთში ერთ წელიწადში დაახლოებით, 1.2 მილიონი ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა ამ მხრივ, ევროპელები ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებას უფრო მეტად განიცდიან, ვიდრე ეს გლობალური საშუალო მაჩვენებლითაა განსაზღვრული. თუმცა, ზემოქმედება კონტინენტზე თანაბრად არ არის გავრცელებული. წინა კვლევების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურებას უფრო მეტად უწყობენ ხელს, ვიდრე დასავლეთ ევროპაში, რადგან ელექტროენერგიის საწარმოებლად დამოკიდებული არიან ქვანახშირის სადგურებზე, მაღალია გათბობის მიზნით ხისა და ნახშირის ღუმელების მოხმარება და ნაკლები ყურადღება ეთმობა დაბინძურების შემცირების პოლიტიკას.