კვლევა - რუსეთის მიერ კონტროლირებადი ანგარიშები ყველაზე ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელშიც ევროკავშირს აკრიტიკებენ
კვლევა - რუსეთის მიერ კონტროლირებადი ანგარიშები ყველაზე ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელშიც ევროკავშირს აკრიტიკებენ

ევროკავშირის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ყალბ ახალ ამბებს ეცნობა, – აღნიშნული ინფორმაციას ამერიკული კიბერუსაფრთხოების კომპანია „სეიფ გუარდ საიბერ“ (SafeGuard Cyber) ავრცელებს.

კვლევის ავტორები მკაცრად აკრტიკებენ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ არასაკმარისი ზომების გამო.

კომპანიამ აღმოჩინა სოციალური მედიაში დარეგისტრირებული ანგარიშები, რომლებიც ავტომატიზებული სისტემით იმართებიან. მათი ინფორმაციით, ამ ანგარიშებით სოციალურ მედიაში დეზინფორმაციას რუსეთის მიერ კონტროლირებადი პირები ავრცელებენ. კერძოდ, საუბარია ექსტრემისტულ და შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ ინფორმაციაზე.

როგორც ამერიკული კომპანიაში აღნიშნავენ, ყალბი ამბების გავრცელებით ევროპის ქვეყნებს შორის კონფლიქტების გაღვივება, დემოკრატული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა და შიდა დაძაბულობის შექმნაა, რაც რუსეთს აწყობს.

კომპანიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ანგარიშები ყველაზე ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელშიც ევროკავშირს აკრიტიკებენ.

„სეიფგუარდ საიბერის“ მონაცემებით, მათ გამოავლინეს 500 000 ანგარიში, რომელიც ე.წ. ტროლებს და ბოტებს ეკუთვნით.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და ამაჟამად მართული ანგარიშებით ვრცელდება არა მხოლოდ ყალბი ამბები, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის მედიასაშუალებებში თუ ბლოგებზე გამოქვეყნებული რუსეთისთვის მისაღები მასალა. ამგვარი ტაქტიკა მართული ანგარიშების გამოვლენის პროცესს ართულებს.

„სეიფგუარდ საიბერის“ კვლევა 1-10 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. მათი ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში, რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას 240 მილიონი ევროპელი გაეცნო.